ეკონომიკა
"მტკვარი ჰესის" დასრულების თარიღმა კიდევ გადაიწია

 

"მტკვარი ჰესი" ექსპლოატაციაში დაანონსებულ 2020 წელს ვერ შევა. პროექტის დასრულების თარიღმა ერთი წლით კიდევ გადაიწია.

"საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ პროექტის მიმდინარეობა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განიხილა.

"ფაქტობრივად, ბოლო ეტაპზე გადავედით. ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო სწორედ გვირაბის გათხრა. მისი გაყვანა ბოლომდე არ არის დასრულებული, ვინაიდან დარჩენილია გვირაბის მოსახვის და კიდევ გარკვეული სამუშაოები, თუმცა სამუშაოების დაახლოებით 80% უკვე შესრულებულია და მისი ყველაზე რთული ნაწილი ამოიწურა", - აღნიშნა ებრალიძემ.

როგორც მან განმარტა, ტესტირების პერიოდის გათვალისწინებით, პროექტი სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

"ყველა ასეთი პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველო იყოს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და უზრუნველყოფილი. სრული დამოუკიდებლობის მიღწევა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად ძალიან იზრდება და იმ რესურსს, რაც გაგვაჩნია, ადრე თუ გვიან ამოვწურავთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები ჩაიდოს ელექტროენერგიის, ჰესების მიმართულებით, რომ 5, 6, 10 წლის მერე გვქონდეს საკმარისი ელექტროენერგიის წარმოების საშუალება და სიმძლავრეები ქვეყნის შიგნით", - განმარტავს ცოტნე ებრალიძე.

"მტკვარი ჰესის" პროექტი 2014 წელს "თანაინვესტირების ფონდმა" შეისყიდა და შეჩერებული მშენებლობა განაახლა.

"მტკვარი ჰესის" ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ, რაც 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების თითქმის 2%-ს შეადგენს.

წყარო: bm.ge
| Print |