ეკონომიკა
რატომ მყარდება ლარი? - ეროვნული ბანკის პროგნოზი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გამყარება გასაკვირი არაა და ის უფრო გასაკვირია, ლარი ამდენი ხნის განმავლობაში გაუფასურებული რომ იყო.

„ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ჩვენი და არა მარტო ჩვენი, ასევე ბევრი ეკონომისტის მოლოდინიც იყო, რომ ლარი უნდა გამყარებულიყო და ასეც ხდება, მოლოდინი მართლდება, ეს გასაკვირი არაა. პირიქით, ლარი გაუფასურებული რომ იყო ამდენ ხანს, ეს უფრო საინტერესო და გასაკვირი იყო ჩვენთვის“ - აცხადებს ლეჟავა.

რაც შეეხება ლარის კურსის გამყარების მიზეზებს, პაპუნა ლეჟავა რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

„ბევრი ფაქტორი მოქმედებს, აქ რთულია ერთი ფაქტორის გამოყოფა. საგარეო ფაქტორი საკმაოდ ძლიერი იყო 2019 წლის განმავლობაში, მიუხედავად რუსეთის მხრიდან შეზღუდვებისა, ტურიზმი საკმაოდ პოზიტიურ რიცხვებზე გავიდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ანუ სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის, ისტორიულად მინიმალურ ნიშნულამდეა შემცირებული, ასევე ფაქტორია რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რამაც გამოიწვია უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოდინება. ფასიან ქაღალდებში ლარში დაბანდების ინტერესი უცხოელების მხრიდან გაიზარდა. ამ ყველაფერმა ერთად, ალბათ მოლოდინებმაც განაპირობა, რომ ლარი გამყარდა“ - აცხადებს პაპუნა ლეჟავა საუბრისას.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი მყარდება. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7905 ლარია.

მონაცემების თანახმად, 29 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7905 ლარი ეღირება, ევრო – 3.0782 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5975 ლარი.

რაც შეეხება თურქულ, სომხურ და რუსულ ვალუტას, მათი ღირებულება ეროვნულმა ბანკმა ასე განსაზღვრა:

1 თურქული ლირა 0.4485, 1000 სომხური დრამი 5.8573, ხოლო 100 რუსული რუბლი 4.2697 ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, 2 მარტამდე იქნება ძალაში.
| Print |