ეკონომიკა
ახალციხეში მოქალაქეების ნაწილი სურსათს იმარაგებს
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, სურსათზე მოთხოვნა გაიზარდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პროდუქტების მომარაგება დაიწყო. გამონაკლისი არც ახალციხე აღმოჩნდა. სუპერმარკეტ „ჯიბეს“ მენეჯერის თქმით, მოთხოვნადი და იმპორტირებული პროდუქტი კომპანიამაც მოიმარაგა.

„ამჟამად წიწიბურა, მაკარონი, შაქარი და სხვა იმპორტირებული პროდუქტები დეფიციტშია. საზღვრების ჩაკეტვის გამო, იმპორტირებული პროდუქტების ღირებულება გაძვირდა. ამ პანიკის გამო, გარკვეულწილად მოვიმარაგეთ პროდუქტები“, - გვითხრა დავით ზედგინიძემ.

სურსათზე გაზრდილი მოთხოვნა არა მარტო დიდ სუპერმარკეტებში, არამედ პატარა მაღაზიებშიც შეინიშნება. ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში უფრო მეტი პროდუქტი გაიყიდა, ვიდრე ერთი თვის წინ. მისი თქმით, მოთხოვნა ძირითადად მაკარონზე, შაქარზე, წიწიბურასა და ჰიგიენურ საშუალებებზე გაიზარდა.

სრულიად საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს ერთ-ერთ მაღაზიის მეპატრონე. ანაჰიდ კირაკოსიანის თქმით, მის მარკეტში ხალხი თითქმის არ დადის.

“ეს მხოლოდ პანიკაა მეტი არაფერი. მხოლოდ სასმელი წყლები გაძვირდა - ბორჯომი 1.30 და კოკა-კოლა 1.50 გახდა“.

პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში.

„მოთხოვნის ზრდა სამწუხაროდ, შეინიშნება, თუმცა, პანიკის გარდა, ამის მიზეზი არ არსებობს. პროდუქტის მომარაგება პრობლემა არ არის და ამ კუთხით, სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ქვეყანაში სურსათის მარაგი არის და დეფიციტი ნამდვილად არ შეიქმნება“, - განაცხადა დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ.

| Print |