ეკონომიკა
სახელმწიფო დახმარებას თვითდასაქმებულების მხოლოდ 30% მიიღებს
საქართველოში 840 ათასი თვითდასაქმებულია, სახელიმწიფოსგან დახმარებას კი 30% მიიღებს. საუბარია 300 ლარიან ერთჯერად დახმარებაზე, რომელიც მთავრობამ კორონავირუსისგან დაზარალებულ თვითდასაქმებულებს უნდა ჩაურიცხოს. პროგრამის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას მხოლოდ 250 ათასი ადამიანი მიიღებს. მთავრობას არ განუმარტავს, რას უპირებს სხვა მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფოს დახმარების მიღმა დარჩებიან.

ვინ არიან თვითდასაქმებულები - ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური განსაზღვრავს, თუმცა, უწყება სტატისტიკის წარმოებისას გამოკითხვებს ატარებს და არანაირ დოკუმენტაციას არ ითხოვს.

“როგორც წესი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეყრდნობა რესპონდენტის მიერ სიტყვიერად მიღებულ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება სტატუსი. აქვთ თუ არა მათ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, ბევრ მათგანს გაუჭირდება მსგავსი ტიპის დოკუმენტაციის წარმოდგენა”, - აცხადებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღავნელი გოგიტა თოდრაძე.

იგი განმარტავს, რომ თვითდასაქმებულთა კატეგორია განმარტებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომლის თანახმად, თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია გარკვეული მოცულობის საკუთარი შემოსავალი.

გოგიტა თოდრაძის თქმით, საქართველოში თვითდასაქმებულთა უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში, აქვს მიწის ნაკვეთი, ან ჰყავს პირუტყვი, რომლიდან მიღებულ პროდუქციასაც იყენებს როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ისე გასაყიდად. თვითდასაქმებულთა კატეგორიას ასევე მიეკუთვნება ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები და ა.შ.

"თუ თვითდასაქმებულთა სტრუქტურას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 75-80% არის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული, 8% დაკავებულია ვაჭრობით, 5% სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს, დანარჩენი მოდის ტაქსის მძღოლებზე, რეპეტიტერობზე სხვადასხვა კვალიფიკაციის მუშებზე და ა.შ.”,- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი გამარჩეული ქვეყანაა თვითდასაქმებულთთა მაღალი წილით.

“ეს მაშინ, როცა ევროაკვშირის ქვეყნებში 15%-ია თვითდასაქმბეულთა რაოდენობა, შედარებით მაღალია საბერძნეთში ეს მაჩვენებელი - 33%, მაგრამ დანიაში 8%-ის ფარგლებშია, აშშ-ში კიდევ უფრო დაბალია 5-6%-ის ფარგლებში”, - ამბობს გოგიტა თოდრაძე.

თვითდასაქმებულებმა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. თვითდასაქმებულებს განაცხადის შევსება კომპენსაციისთვის 21 მაისიდან 1 ივნისამდე შეეძლებათ.
| Print |