ეკონომიკა
119 700 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

 

"საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ასეთი 119 700 სესხია გაცემული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.5% შეადგინა. შესაბამისად 119 700 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6254.81 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 მარტიდან 1 აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6229.52 მილიონიდან 6254.81 მილიონ ლარამდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე ლოგიკური რეაქციაა.

„ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისათვის აუცილებელია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება. შიდა მოთხოვნის შემცირებაზე იმპორტის 13%-იანი კლება მიუთითებს, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 22%-იანი შემცირება საგარეო მოთხოვნის შემცირებას ასახავს. განახლებული პროგნოზით, 2020-ში საქართველოს ეკონომიკური ზრდა -4% იქნება, რაც ერთობლივი მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული, შესაბამისად, ამ ფონზე ინფლაციური რისკები მნიშვნელოვნად მცირდება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გამართლებული გადაწყვეტილებაა. უახლოეს თვეებში მნიშვნელოვანი იქნება სწორად განისაზღვროს ფაქტორები, რომლებიც ინფლაციაზე აღმავალ/დაღმავალ ზეწოლას ქმნიან და რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებაც ეროვნულმა ბანკმა ამის მიხედვით მიიღოს“,- ამბობენ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში.

 

| Print |