ეკონომიკა
ქართულმა ბანკებმა 667 მილიონი ლარი იზარალეს

 

საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ ოთხ თვეში ჯამურად 667 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.22 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება გახდა, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ზარალის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მარტის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა განმარტება. სებ-ი აღნიშნავს, რომ წინა წლებში სფერო საკმაოდ მაღალი მომგებიანობით გამოირჩეოდა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა შექმნილიყო ბუფერების ადეკვატური მოცულობა, რომელთა გამოყენებაც სწორედ ამგვარ კრიზისულ ვითარებებში არის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2020 წლის აპრილში 15 ბანკის ჯამური შემოსავალი 352 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 1.5%-ით არის შემცირებული. აქედან საპროცენტო შემოსავლებმა 304 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 7%-ით მეტია. ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ბიზნეს სესხების მიმართულებით შემოსავლების 24%-იან ზრდას უკავშირდება.

ხოლო ფიზიკური პირების სასესხო შემოსავალი 5%-ით არის შემცირებული, რაც ბანკების მიერ მოქალაქეთათვის სესხების გადავადების პროგრამის შეთავაზებას უკავშირდება.

 

| Print |