ეკონომიკა
„იპოთეკურ სესხებზე განაცხადები 10-ჯერ გაიზარდა“ - როგორია სუბსიდირების პირველადი ეფექტი?
საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დააანონსა, პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა კი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ პირველი ივლისიდან გაცემული ყველა სესხი, რომელიც აკმაყოფილებს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პირობებს, მოხვდება სუბსიდირების პროექტში. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს, როგორც ძნელაძე ამბობს, იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა, თუმცა აღნიშნულმა პროგრამამ უკვე იქონია ეფექტი არა მხოლოდ სუბსიდირების ქვეშ გაცემულ სესხებზე, არამედ სხვა იპოთეკურ სესხებზე, რომელიც საერთოდ არ ხვდება სუბსიდირების პროგრამაში. 

„იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტი ამოქმედებულია. საკრედიტო საგარანტიო სქემა ამოქმედდება უახლოეს მომავალში. რეალურად აქტიურად მიმდინარეობს განაცხადების მიღება, თუმცა კიდევ უფრო მეტ აქტივობას ველოდებით, როდესაც კომერციული ბანკებიდან და დეველოპერებიდან მოხდება კონკრეტული პროექტების და პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლებზე, მორგებული სუბსიდირების პროექტზე. დღეს შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ, რომ განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ არის გაზრდილი იპოთეკურ სესხებზე, მაგრამ ეს არის პირველი კვირის შედეგი. თუ რა გრძელვადიანი ეფექტი ექნება, ამას ჯერჯერობით ვერ გეუბნებით“-ამბობს ძნელაძე.

კითხვაზე, რა გათვლები აქვს გაკეთებული წლის ბოლომდე საბანკო სექტორს, რა ეფექტი ექნება სუბსიდირების პროგრამას იპოთეკური სესხების პორტფელზე, ძნელაძე გვაპსუხობს, რომ „ეს უფრო იმედია, ვიდრე გათვლები“.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარია.
| Print |