ეკონომიკა
ახალციხეში დიდი სასტუმროები მუშაობას არ იწყებენ, საოჯახო სასტუმროებს სტუმარი არ ჰყავს
სასტუმროებმა მუშაობის განახლების უფლება რვა ივნისიდან მიიღეს, თუმცა თვე ნახევრის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში მასპინძელი ბიზნესის ნახევარი დაკეტილია, მეორე ნახევარი კი სტუმრების სიმცირეზე ჩივის. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში მხოლოდ შიდა ტურიზმი ფუნქციონირებს, მუშაობის შანსი მცირე ზომის, საოჯახო სასტუმროებს აქვთ, თუმცა ზოგიერთ მათგანს 2020 წელს არც ერთი ტურისტისთვის უმასპინძლია.

თითქმის ერთი თვეა მუშაობა განაახლა საოჯახო სასტუმრომ „მესხური ოდა“. ამ ხნის განმავლობაში, ობიექტმა ხუთ სტუმარს უმასპინძლა. მეპატრონემ სასტუმროს ბიზნესი ორი წლის წინ, ბანკიდან აღებული სესხით წამოიწყო. ამიტომ ახლა, სანამ მუშაობას სრული დატვირთვით არ დაიწყებს, მისი მთავარი საფიქრალი, ყოველთვიური გადასახადი - კრედიტის პროცენტია.

„დიდი სასტუმროს შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, უმეტესობას კრედიტები გვაქვს გამოტანილი, მუშაობა საერთოდ არ გვაქვს სესხების ფულს ვერ ვიხდით“, - ამბობს სასტუმროს მეპატრონე ლანა კოჭლამაზაშვილი.

არტურ დილბარიანმა სასტუმროს ბიზნესი 180 000-ლარიანი კრედიტით წამოიწყო. პანდემიის შემდეგ სასტუმრომ მუშაობა განაახლა, თუმცა მასთან სტუმარი ჯერ არ მისულა. 

„9 ათასი ლარის ჯავშანი გვქონდა და სულ გაუქმდა. კრედიტი სამი თვით გადავავადე, თვეში 4 000 ლარის გადახდა მომიწევს, მაგედან 1 600 ლარი მხოლოდ პროცენტია.იმედი გვქონდა, რომ პროცენტი არ დაირიცხებოდა, მაგრამ ბანკში გავიგეთ, რომ ჩვეულებრივად ირიცხება“, - გვეუბნება არტურ დილბარიანი. 

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმი სეზონურია. დამთვალიერებლები გაზაფხულზე ჩამოდიან და მათი რაოდენობა ოქტომბრიდან თანდათან მცირდება. მასპინძელ ბიზნესს ექვსი თვე აქვს, რომ მისი ობიექტი მაქსიმალურად დატვირთოს. წელს ტურისტული სეზონის სამი თვე ვიზიტორის გარეშე გავიდა. სასტუმროს მეპატრონეები ამბობენ, რომ სტუმრებს არც დარჩენილ სამ თვეში ელიან.

“გასულ წელს მიღებული შემოსავალი სასტუმროს კეთილმოწყობისთვის გამოვიყენე, ტურისტები იანვრიდან უნდა მიმეღო, თუმცა ყველა ჯავშანი ერთი მეორეს მიყოლებით გაუქმდა, სექტემბრამდე ერთი ჯავშანიც კი არ დარჩა“,
- ამბობს საოჯახო სასტუმრო „ედემის“ მეპატრონე მარინე ნარიაშვილი. 

ტურისტულ სექტორს სჭირდება დახმარება - ამბობს ტურიზმისა და სასტუმროს ბიზნესის ექსპერტი. დარინა ხუბაევი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელისუფლებას ურჩევს, რომ ადგილობრივი ვიზიტორების მოსაზიდად, მუშაობა მარკეტინგული მიმართულებით დაიწყონ, მასპინძელ ბიზნესს კი შიდა ტურიზმზე გადაწყობას სთავაზობს.

„მხოლოდ და მხოლოდ შიდა ტურიზმის პერსპექტივაა, ამით უნდა დავიწყოთ მოქმედება. დიდ სასტუმროებს არ უღირთ საქმიანობის გაგრძელდება, რადგან შემოსავალი ვერ დაფარავს ხარჯს. საოჯახო სასტუმროებს ისედაც ადგილობრივი მომხმარებელი ჰყავდა, ამიტომ ნაკლებად გაუჭირდება“, - ამბობს დარინა ხუბაევი.

20 ივლისის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში სასტუმროს საქმიანობის გასაგრძელებლად 306 განცხადებაა დაწერილი. აქედან რეკომენდაციები 164-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა და მუშაობის ნებართვაც მიიღო, 64-მა ვერ დააკმაყოფილა რეგულაციები, 76 კი მზად არ იყო. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |