ეკონომიკა
იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, ივლისში ერთ ბანკში 26.9 მლნ ლარის სესხი გაიცა
ივლისში „თიბისი ბანკმა“ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 26.9 მლნ ლარის მოცულობის სესხი გასცა. ბანკში აცხადებენ, გასულ თვეში პროგრამის ფარგლებში 283 იპოთეკური სესხი გაიცა, რაც ამ პერიოდში ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხების 27%-ია. „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამის შემდეგ, წინა თვეებთან შედარებით იპოთეკურ სესხებზე მოთხოვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.
| Print |