ეკონომიკა
სუბსიდირების პროგრამამ ახალ ბინებზე მოთხოვნა გაზარდა, ფასები 1%-ით გაზრდილია - Tbc Capital
"განვლილი 8 თვე შევაფასეთ და მოლოდინები განვაახლეთ. მნიშვნელოვანი სექტორები გამოვყავით, სადაც კლების მოლოდინები შემცირებული გვაქვს” - ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, გადახედეს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა, სასტუმროები და ავტოინდუსტრია. განახლებულ მიმოხილვაში მოლოდინები 5%-ით გაუმჯობესებულია. მერი ჩაჩანიძის განცხადებით, ელექტრონულმა კომერციამ, IT ტექნოლოგიებმა, ასევე ჯანდაცვამ "პრე კოვიდურ" მაჩვენებელს გადააჭარბა და ზრდას განაგრძობს, თუმცა არის რიგი სექტორები, რომლებიც ძირითადად ტურიზმთან არის დაკავშირებული და არც ისე დიდ გაუმჯობესებას აჩვენებს. ჩაჩანიძის თქმით, ეს სექტორები საკმაოდ შორს არის 2019 წლის დეკემბრის მაჩვენებელებისგან, მაგალითად ასეთებია: აივაცია, ნავთობი, HORECA და კომერციული უძრავი ქონება. “რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარს, კომერციულ უძრავ ქონებაზე შემცირება კვლავ მოსალოდნელია და ჩვენ ველოდებით, რომ კომპანიებს შემოსავალი დაახლოებით 20-25%-ით შეუმცირდებათ და აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი დარტყმა სავაჭრო მოლებზე მოდის.

რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარს, აქ შედარებით გამოცოცოხლებას ვხედავთ; ტრანზაქციების კუთხით აგვისტოში წინა წელთან შედარებით 17.4%-ია შემცირება, რაც თავის მხრივ, ივლისთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებაა. ვხედავთ, რომ ეს ბაზარი შედარებით აქტიურდება და ერთ-ერთი განმაპირობებელი იპოთეკის სუბსიდირების პროგრამა იყო. სუბსიდირების პროგრამამ მოთხოვნა შედარებით ახალი ბინებისკენ გადაიტანა და შესაბამისად, ფასები ახალ ბინებზე დაახლოებით 1%-ით გაზრდილია,” -
განმარტა მერი ჩაჩანიძემ. რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, “თიბისი კაპიტალის” მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ იპოთეკის გაცემაზე მოთხოვნა კვლავ იქნება.

"იპოთეკის პროპორცია 32% იყო ივლისში უკვე 51%-ზეა, რაც გრძელვადიან და წინა წლის საშუალო ტრენდთან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებელია. ანუ ადამიანების მოთხოვნა- თავისი უძრავი ქონების შენაძენი იპოთეკით დააფინანსოს - უკან ბრუნდება”
- განაცხადა ჩაჩანიძემ.
| Print |