ეკონომიკა
ფასს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კლიენტი მაინც აღარ გვყავს - მოვაჭრეები "ოქროს ბირჟიდან"
რამდენიმე თვიანი გაძვირების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ოქრომ გაიაფება დაიწყო. თუ რამდენიმე თვის წინ ერთი უნცია ოქრო 2 100 დოლარამდე ღირდა, დღეს მისი ღირებულება 1 850 დოლარამდე შემცირდა.

აღნიშნული ტენდენცა არ ასახულა ქართულ ბაზარზე. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟაზე“ მოვაჭრეებმა განუცხადეს, ფასი კვლავ მაღალია და მსოფლიოში კლების ტენდენცია ჩვენთან არ აისახება. ისინი მიზეზად ლარის კურსი მკვეთრ გაუფასურებას ასახელებენ.

მოვაჭრეების თქმით, წლის დასაწყისიდან ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.

„ფასს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან კლიენტი მაინც აღარ გვყავს. წლის დასაწყისიდან, ოქროზე ფასი იზრდებოდა და ახლა, 110 ლარზე ნაკლებად 583 სინჯის ოქროს შეძენა ბაზარზე შეუძლებელია. როგორიც არ უნდა იყოს ფასი საერთაშორისო ბაზარზე, თუ მკვეთრი ცვლილება არ მოხდა, ლარი ისე უფასურდება, რომ ვერ აისახება ეს ჩვენთან“,-ამბობს ია მამრიკიშვილი.

„საბაზრო ღირებულებამ კატასტროფულად მოიმატა. 190 ლარიდან ზემოთაა ბაჯაღლოს ფასი. პრინციპში სხვა არც არაფერი იყიდება, ქორწილები კი იშვიათადაა, მაგრამ ჯვარს თუ ვინმე იწერს ბეჭდები მაინც აუცილებლად სჭირდებათ და ქორწინების ბეჭედს თუ იყიდის ვინმე. ყველა სხვა სინჯიც გაძვირებულია, მაგრამ ძალიან იშვიათად რომ სხვა იყიდონ“,– აცხადებენ ოქროს ბირჟაზე.

bpn.ge
| Print |