ეკონომიკა
რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს სარესტორნო ბიზნესს?
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით მინისტრების მხრიდან აღინიშნა, რომ სექტორი ინფექციის გავრცელების რისკს ქმნის. ამიტომ შეხვედრაზე, პრობლემის გადასაჭრელად ეკონომიკური გუნდის მინისტრების მხრიდან სამი შესაძლო იდეა დასახელდა: სრულად მიტანის სერვისზე გადასვლა, სამუშაო საათების შემცირება, შაბათ -კვირას მუშაობის შეზღუდვა. ამასთან, რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის თქმით, მთავრობა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდანაც ელის იდეებს, რათა ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„მინისტრების მხრიდან უცხოეთის მაგალითები იქნა მოყვანილი წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, შაბათ -კვირის აკრძალვა, რესტორნების მუშაობის დროის შემცირება და მიტანის ფორმატზე გადასვლა. ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, ამ სფეროს „ლოქდაუნს“ ნიშნავს. დღესდღეობით რესტორნების დიდი უმრავლესობა მინუსზე მუშაობს, დაკეტვის შემთხვევაში მათ ვერ შეუმსუბუქდებათ საბანკო თუ სხვა ვალდებულებები და უფრო მეტი ფული ექნებათ სახლიდან მოსატანი. მე მარტივად განვუმარტე, რომ გადაწყვეტილება შეზღუდვების შესახებ, ნიშნავს ასიათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას. დილემური საკითხია და აუცილებელია ოქროს შუალედის გამონახვა, ამიტომ მსჯელობა გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან ელოდებიან ინიციატივებს, რომელიც სიტუაციას გაანეიტრალებს და შეზღუდვების საჭიროებას მოხსნის და საბოლოოდ ერთობლივად მივალთ კონსენსუსამდე“,-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სისტემურ „ლოქდაუნზე“ საუბარი არ არის.
| Print |