ეკონომიკა
რომელი მიზნობრივი ჯგუფი მიიღებს 600 ლარიან დახმარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მიზნობრივი დახმარების პროგრამის ფარგლებში, 600 ლარიანი დახმარება გაიცემა. მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარებას სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე შშმ პირები მიიღებენ.

სოციალურად დაუცველები

„ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 ათასსა და 100 ათასს შორის… სახელმწიფო უკვე ეხმარება იმ ოჯახების ჯგუფს, რომლებსაც აქვთ 65 ათას ქულამდე, მაგრამ ყურადღების მიღმაა დატოვებული 65 ათასიდან 100 ათასამდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც ვეხმარებით მრავალშვილიანობისა და არასრულწლოვნების ყოლის პირობებში, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით და ეს არის საქართველოში 70 ათასი ოჯახი და დაახლოებით 190 ათასი მოქალაქე“, – განაცხადა გახარიამ.

მრავალშვილიანი ოჯახები
„გარდა ამისა ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით, ასეთი ოჯახი დღეს საქართველოში არის 21 ათასი ოჯახი და მოიცავს 130 ათას მოქალაქეს“, – განაცხადა პრემიერმა.

შშმ პირები

„მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშები ასევე ისარგებლებენ 600 ლარის დახმარებით. ასეთი 40 ათასი მოქალაქე გვყავს“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველები, 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, ასევე სამშვილიანი ოჯახები, რომელთა ქულაც 0-დან 100 ათას ქულამდეა, ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარიან დახმარებას (ჯამში 600 ლარს)მიიღებენ.

პრემიერის განცხადებით, ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი.

| Print |