ეკონომიკა
„აქამდე უნდა ეპატრონა მთავრობას“- ახალციხის ფიტნესკლუბის პრეზიდენტი
პირველი თებერვლიდან საქართველოში ფიტნესდარბაზების გახსნა არ იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სწორედ ამიტომ, მათ მფლობელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებაში დაეხმარებიან.

კორონავირუსის გამო რამდენიმე თვეა დაკეტილია ფიტნესდარბაზი ახალციხეშიც. სამცხე-ჯავახეთში ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, როგორც იქნა, სახელმწიფოს მათი არსებობაც გაახსენდა. სპარტაკ თაქთაქიძის განმარტებით, მთავრობის მხრიდან ამ დრომდე არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

„მხოლოდ სესხი გადაგვივადეს სამი თვით, ეგეც იმხელა პროცენტი მოუწევს. ამდენი ხანია დაკეტილები ვართ. აქამდე უნდა ეპატრონა მთავრობას და დახმარებები უნდა გამოეყო ჩვენთვის. ამ სუბსიდირებასაც გააჩნია როგორ გააკეთებენ“- ამბობს სპარტაკ თაქთაქიძე.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, გადაწყვეტილება ფიტნეს ცენტრების სესხის პროცენტის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

„ვინაიდან ეს არაა ინდუსტრია, რომელიც თებერვალში იხსნება, ჯერჯერობით არ გვაქვს ეს გეგმაში, მაგრამ სამაგიეროდ მათ ავსახავთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და დავეხმარებით მათ შორის, სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოესი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პანდემიის გამო შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიტნესდარბაზებმა მუშაობა 28 ნოემრიდან შეაჩერეს. როდის შეძლებენ მომხმარებლების ისევ მიღებას, უცნობია.
| Print |