ეკონომიკა
რომელი ღია სივრცეები იხსნება ხვალიდან ახალციხეში
ღია სივრცეებს გახსნის უფლება მიენიჭათ. ახალციხეში ასეთი სივრცეებია „ოლდ ბარი“ , „ბისტრო“ და „მალე". ისინი 15 თებერვლიდან მუშაობას ღია სივრცეში ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

,,ოლდ ბარი" რეგულაციების გამო დაკეტილი იყო, შესაბამისად ძალიან დაზარალდა. იმედოვნებენ, რომ ხვალიდან გახსნის შემდეგ მცირე მოგებას მაინც ნახავს.

„თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს ხვალიდან გავიხსნებით. ზარალით რათქმაუნდა ყველა დავზარალ ვფიქრობ უნდა აღდგეს ყველაფერი სრული წესების და რეგულაციების დაცვით. მხოლოდ ღია სივრცის გახსნას მივესალმები მაგრამ ეს მხოლოდ მცირედია“, - ამბობს „ოლდ ბარის მეპატრონე“ ნინო ერეკლიშვილი.

„ოლდ ბარი“ ღია სივრცეში მუშაობის განახლებას გეგმავს და სამუშაო საათები ძველებურად, დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე იქნება შესაძლებელი. ღია სივრცეში მუშაობას განაახლებს „მალეც“, რომელიც პანდემიის პერიოდში მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობდა. მისი მენეჯერი ლევან აბულაძე ამბობს, რომ „მალეს“ ღია სივრცეში სტუმრების მიღებას ჩვეული გრაფიკით, დილის 10 საათიდან 8 საათამდე შეძლებს.

„ხვალიდან ყველა რეგულაციის დაცვით ვიხსნებით, ვხსნით მხოლოდ ღია სივრცეს“, - ამბობს ლევან აბულაძე.

პანდემიის პერიოდში გატანის სერვისით სარგებლობდა „ბისტროც“, ხვალიდან ისიც ღია სივრცეში განაახლებს მუშაობას.

„ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას,  მაგრამ ამინდის გამო რამდენად დასხდება ხალხი გარეთ ვერ გეტყვით. ამის გამო, არც ისე დიდი იმედი მაქვს“,
- ამბობს მენეჯერი ნათელა ყულჯანიშვილი.

„ბისტროში“ მომხმარებელს მისვლა ჩვეული გრაფიკით დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე შეეძლება.

ახალციხეში გახსნას არ გეგმავს „ფურანო“ და რაბათში მდებარე „ლაუნჯ ბარი“. მათი მენეჯერები ვარაუდობენ, რომ ამინდებიდან გამომდინარე მომხმარებელი არ ეყოლებათ, ამიტომ მუშაობის განახლებას მარტის პირველი რიცხვებიდან აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით ხვალიდან, 15 თებერვლიდან რესტორნების გარე ღია სივრცეები იხსნება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

| Print |