ეკონომიკა
გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში იმყოფებიან - პროფკავშირები
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. ისინი დაპირებულ ანაზღაურებასაც ვერ იღებენ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.

პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შეისწავლოს საკითხი და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ შრომის სამინისტროსთან არსებული დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოა მათი გერმანიაში გამგზავრების ორგანიზატორი.

არსებულ ვითარებას უნდა გაეცნოს საქართველოს შრომის ინპექციაც, რადგან საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება.

პროფკავშირების გაერთიანება თავის მხრივ, მიღებულ ინფორმაციას რეაგირებისთვის პარტნიორ გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებას მიაწვდის”
, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე მათი მხრიდან განხორციელდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. უწყების ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით, რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე.

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თავისი კომპეტენციის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სრულად იზიარებს იმ წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან. ისე როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.

გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. დღეის მდგომარეობით ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც ცხადია, არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი. რაც მთავარია, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი გამოწვევების დარეგულირება მომავალში მოხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით.

საქართველოდან გერმანიაში ჯამში 54-კაციანი შემადგენლობით 4 ჯგუფი იმყოფება.
| Print |