ეკონომიკა
1 თვეში ლარი 25 თეთრით გამყარდა, საწვავი კი 3-11 თეთრით გაძვირდა
ბოლო თვეში, საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 3-11 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე, საწვავი ფასი 3.1 ლარსაც კი გადაცდა. ამის შესახებ კომპანიების ვებ-გვერდზე მითითებული მონაცემების შედარებიდან ირკვევა. საუბარია 11 მაისი - 11 ივნისის პერიოდზე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში ლარი 25 თეთრით არის გამყარებული. ერთი თვის წინ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებდა, რომ თუ ლარი დაიწყებდა გამყარებას, ეს საწვავის გაზრდილ ფასს დააკორექტირებდა. თუმცა მთვარელაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდაზე, ლარის კურსის გარდა, კიდევ ორი ფაქტორი - საერთაშორისო ფასები და სახელმწიფო გადასახადები მოქმედებს. 

"თუ გადასახადებს შეამცირებენ, ეს რაღაც დოზით ფასს შეამცირებს, თუმცა სახელმწიფო დაკარგავს გარანტირებულ სტაბილურ შემოსავალს და ამ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისთვის და სოციალური ფონისთვის, რომელი უფრო მისაღებია, ეს ცალკე განხილვის თემაა“, - აცხადებდა ვანო მთვრალაშვილი.
| Print |