ეკონომიკა
5 თვეში ბანკებმა 764,9 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს
კომერციული ბანკების წმინდა მოგება იზრდება. 2021 წლის მაისში საფინანსო სექტორი მოგების მორიგ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მაისში ბანკების მოგებამ 180,117 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126,764 მლნ ლარით (237,5%-ით), წინა თვესთან შედარებით კი 7,046 მლნ ლარით (4%-ით) მეტია. 

როგორც ამ რიცხვებიდან ჩანს, რთული 2020 წლის შემდეგ, 2021 წელი კომერციული ბანკებისთვის შედარებით წარმატებული აღმოჩნდა. მთლიანად, 2021 წლის 5 თვეში ბანკები 764,995 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ.

2021 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:

  • იანვარი - 113,368 მლნ ლარი
  • თებერვალი - 132,115 მლნ ლარი
  • მარტი კი 166,324 მლნ ლარი
  • აპრილი - 173,071 მლნ ლარი
  • მაისი - 180,117 მლნ ლარი
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მაისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 480,397 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 395,658 მლნ ლარი, ხარჯებმა 275,682 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 4,979 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 13,767 მლნ ლარი შეადგინა. საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 35,136 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99,262 მლნ ლარი შეადგინა. ეს იყო მოგების ყველაზე მცირე მაჩვენებელი, რაც ბანკებს ბოლო წლებში ჰქონდათ მიღებული. ამის მიზეზი კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი თვე იყო, როდესაც ბანკებს სესხების მასობრივი გადავადება მოუწიათ. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ბანკები 943,130 მლნ-იან ზარალზე გავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, კომერციული ბანკები წაგებაზე არ გასულან.

დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.
| Print |