ეკონომიკა
თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ - ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროკავშირის დახმარებაზე - იაფ სესხზე, რომელიც ქვეყნისთვის იყო გამიზნული და რომლის მიღების ალბათობა ისედაც ლამის უკვე ნულამდე იყო დასული, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი ანულირების შემდეგ.

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება მრავალჯერ გააფრთხილა, რომ შეჩერდებოდა 75 მილიონი ევროს გამოყოფა, ვინაიდან არ სრულდებოდა მაკროსაფინანსო დახმარების ამ მორიგი ტრანშის მისაღებად დადებული პირობები და კერძოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის ვალდებულებები.

31 აგვისტოს ევროკავშირმა ხელისუფლების საპასუხოდ განაცხადა, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება და საქართველო აღარ მიიღებს მაკროსაფინანსო დახმარების მორიგ ტრანშს. იქვე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ არ იყო შესრულებული ამ თანხის მისაღებად აუცილებელი პირობები და სამომავლო დახმარებაც პროგრესის შესაბამისი იქნება.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის მორიგ ტრანშზე, 75 მილიონ ევროზე, უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ ბიუჯეტში ფული დაგროვდა, ეკონომიკა ვითარდება და ქვეყნის წინაშე სესხის აღების საჭიროება აღარ დგას.

ეს გადაწყვეტილება 30 აგვისტოს ერთგვარად დააანონსა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ; ხოლო 31 აგვისტოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დახმარებაზე უარი უკვე გადაწყვეტილი საკითხია.
| Print |