ეკონომიკა
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე 208 ადამიანი დასაქმდა - როდის წავლენ მოქალაქეები საფრანგეთსა და ისრაელში
გერმანიაში, სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული კიდევ ორ ქვეყანასთან - ისრაელთან და საფრანგეთთან აქვს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთგან ჩვენი მოქალაქეები არ გამგზავრებულან.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანული მხარის მიერ ყოველდღიურად ხდება ახალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის, საშემოდგომო სამუშაოებზე. "შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პერიოდულად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში არსებული ვითარებისა და სტატისტიკის შესახებ“, -ამბობენ სააგენტოში.

გარდა გერმანიისა, საქართველოს შრომით მიგრაციაზე შეთანხმება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან აქვს - ისრაელთან და საფრანგეთთან. ისრაელში ძირითადად შინმოვლის სფეროს მიმართულებით, საფრანგეთში კი, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ „პროფესიათა ჩამონათვალი ვრცელია“. 

კითხვაზე, როდის შეძლებენ გამგზავრებას საქართველოს მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში, სააგენტოში ასე უპასუხეს: „კონკრეტულად როდის და რა ვადით გაემგზავრებიან მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, ამის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული ვადები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები აწარმოებენ მოლაპარაკებას განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან (ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან) დროებითი ლეგალური დასაქმების თაობაზე. ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან და რა პირობებზე მოხდება შეთანხმება“
- განაცხადეს უწყებაში.
| Print |