ეკონომიკა
ველოდებით ფასის მატებას - ხორბლის ფასმა 300 დოლარს გადააჭარბა
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი იზრდება. ტენდენციის ასახვას საქართველოში 1 თვის შემდეგ უნდა ველოდოთ - განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. ლევან სილაგავას თქმით, ახლა გაძვირების ასახვას ხორბლის მარაგები აზღვევს.

"სამწუხაროდ, ფქვილზე ფასები მსოფლიო ბაზარზე გაზრდილია, თუმცა, ჩვენ ორ თვიანი მარაგებით ვმუშაობთ. ამიტომ, ჯერ საქართველოში დრამატული გაძვირება არ ყოფილა.

მსოფლიო ბაზარზე ბოლო ანალიტიკის შედეგად, რომელსაც აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკეთებს მსოფლიოს ხორბლის იმპორტიორი ძირითადი 8 ქვეყნიდან, 7-ს მარაგები შეუმცირდა. მათ შორის, გეოგრაფიულად ჩვენთვის ყველაზე საინტერესო რუსეთს, მოსალოდნელი მოსავლის მოცულობა ყველაზე მეტად 10 ტონით შეუმცირდა. მარაგები შეუმცირდა ჩვენთვის საინტერესო სხვა ქვეყნებს, უკრაინას და ყაზახეთსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც 90%-ით იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ველოდებით ფასის მატებას.


მსოფლიო ბირჟებზე კი, ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული 300 დოლარი უკვე გადალახა, როგორც ევროპაში ასევე რუსეთში. ეს ტენდენცია სამწუხაროდ მიმდინარეობს. სავარაუდოდ ფქვილის ფასის ეს მატება ერთ თვეში, ან ცოტა მეტში მოხდება. რუსეთში ამ მომენტისთვის ხორბლის ფასი 52 დოლარია, როცა ივლისის დასაწყისში კი 25 დოლარი იყო".


ფქვილის გაძვირების მოლოდინის და პურის შემადგენელი სხვა კომპონენტების გაძვირების გამო, პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის ფასის გადახედვა ოქტომბრამდე არ იგეგმება. შემდეგ კი შესაძლოა, ასოციაციამ ხელისუფლებას სუბსიდირებისთვის კვლავ მიმართოს.
| Print |