ეკონომიკა
საქართველო ყველაზე ძვირად დენს რუსეთში ყიდულობს - რა უჯდება ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტი
ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მთავარი იმპორტიორები მეზობელი ქვეყნები - რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2021 წლის 9 თვეში დენის იმპორტში საქართველომ 37.113 მლნ დოლარი გადაიხადა. მათ შორის, აზერბაიჯანიდან იმპორტი 23.351 მლნ დოლარი დაგვიჯდა, რუსეთიდან - 7.001 მლნ დოლარი და თურქეთიდან 6.753 მლნ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობას და გადახდილ თანხას, ქვეყანამ ყველაზე ძვირად დენი რუსეთში შეიძინა - ერთი კვტ.სთ საშუალოდ 5.5 ცენტი დაუჯდა.

უფრო კონკრეტულად, წელს საქართველოში რუსეთიდან ჯამში 1049.4 მლნ კვტ.სთ დენის იმპორტი განხორციელდა, აქედან 923.7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდა, (ამ თანხას საქართველოს მთავრობა არ იხდის). შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას რუსული დენის მხოლოდ მცირე ნაწილი - 125.7 მლნ კვტ.სთ მოხმარდა. თუ 9 თვის განმავლობაში იმპორტში გადახდილ თანხას ავიღებთ, გამოვა, რომ ქვეყანამ კვტ.სთ რუსული დენი 5.5 ცენტად იყიდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანიდან იმპორტს, წელს 9 თვეში საქართველომ მეზობელ ქვეყანაში 23.351 მლნ დოლარის დენი იყიდა, ჯამში 505.5 მლნ კვტ.სთ, ანუ ერთი კვტ.სთ-ს შესყიდვა საშუალოდ 4.6 ცენტი დაუჯდა. თურქეთიდან შესყიდული 161.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაში კი 6.753 მლნ დოლარი გადავიხადეთ, საშუალოდ, კვტ.სთ 4.1 ცენტად ვიყიდეთ.

2017-2020 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა კი ასე გამოიყურება:
  • 2017 წელი - შესყიდული ელექტროენერგია - 1497.2 მლნ კვტ.სთ (66.706 მლნ დოლარი)
  • 2018 წელი - შესყიდული ელექტროენერგია - 1508.8 მლნ კვტ.სთ (77.773 მლნ დოლარი)
  • 2019 წელი - შესყიდული ელექტროენერგია - 1626.5 მლნ კვტ.სთ (78.327 მლნ დოლარი)
  • 2020 წელი - შესყიდული ელექტროენერგია - 1610.1 მლნ კვტ.სთ (64.514 მლნ დოლარი)
ამ რიცხვებიდან გამოდის, რომ ქვეყანა წლიურად ერთ კვტ.სთ ელექტროენერგიას საშუალოდ 4-5.1 ცენტად ყიდულობს.

ცნობისათვის, იმპორტირებული დენის ფასი შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან. ზემოთ აღნიშნული მონაცემი, ანუ ტარიფი გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლიდან და არ ასახავს დღის/ღამის და უქმეების ტარიფს.
| Print |