ეკონომიკა
რუსეთის მოქალაქეებს შესაძლოა, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა/რეგისტრაცია აეკრძალოთ

 

რუსეთის მოქალაქეებს შესაძლოა, საქართველოში უძრავი ქონების შეძენა/რეგისტრაცია აეკრძალოთ. ამის შესახებ მოქალაქე მამუკა გვაძაბიას საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტში შევიდა.

წინადადების ავტორის აზრით, სანამ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა/დარეგისტრირება აეკრძალოთ.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა. გადაწყვეტილების შესახებ კი ბიუროს უნდა აცნობოს.

უცნობია ბოლო წლების ზუსტი მონაცემები, თუ რა უძრავი ქონებაა რეგისტრირებული რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში, თუმცა, მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის მიგრაციის პროფილში აღნიშნულია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

2015-2018 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების რაოდენობა 15 133-ს შეადგენდა.
| Print |