ეკონომიკა
რეგიონებში გაზის ტარიფი იზრდება
რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 1.15 ლარი ხდება.

ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელეს კომპანიებმა.

„2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით - აღნიშნულია „ინტერ გაზის“ განცხადებაში.

1-ლი დეკემბრიდან გაზის ტარიფს ზრდის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და "თელავი გაზი". აქაც ტარიფის ცვლილება საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს შეეხებათ და 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

„ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის“, - აღნიშნულია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაში

„ინტერ გაზი“ ბუნებრივ აირს აწვდის ახალციხის და ასპინძის რაიონებს, "თელავი გაზი" - თელავს და „სოკარ ჯორჯია გაზი“ დანარჩენ საქართველოს, თბილისის გარდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ („თელავ გაზის“) დღეს მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 0.95 ლარია 1მ3-ზე, „ინტერ გაზის“ შემთხვევაში კი 1.09 ლარი.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი თბილისში თითქმის ერთი წელიწადია გაიზარდა. „თბილისი ენერჯის“ მომხმარებლები 1მ3 ბუნებრივ აირში 1.10 ლარს იხდიან. მანამდე მოქმედი ტარიფი იყო 0.86 ლარი.
| Print |