ეკონომიკა
რა გაძვირდა და რას აკეთებს მთავრობა მზარდი ფასების შესაჩერებლად
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთ თვეში ინფლაციის დონემ 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, ამაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული 9.0 %-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები 5.5 %-ით, თევზეული 4.2 %-ით, რძე, ყველი და კვერცხი 3.6 %. ჯგუფში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ფასები გაიზარდა 9.2 %-ით.

გაძვირებული ცხოვრების ფონზე, საქართველოში საარსებო მინიმუმი 216 ლარი და 30 თეთრია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, დღეში შვიდი ლარი უნდა იმყოფინოს ადამიანმა საკვებისთვის, მედიკამენტებისთვის, ყოველდღიური მოხმარების ნივთებისა და კომუნალური გადასახადებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ გაძვირებული სურსათის საკითხზე მუშაობენ, თუმცა ფასებს ბაზარი არეგულირებს. მეცხრე არხის კითხვაზე - რა არის მათი მუშაობის შედეგი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯერ არაფერი. რაც შეეხება სურსათის სუბსიდირების პროგრამას, ეს საკითხი არ განიხილება.

| Print |