ეკონომიკა
ვის გაეზრდება ხელფასი 2022 წლიდან- ფინანსთა მინისტრის განმარტება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის ხელფასის 10%-ით მომატება და მათ შორის მოიაზრებიან საგანმანათლებლო სფეროს თანამშრომლებიც.

“საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა ჩვენ დაანონსებული გვქონდა ჯერ კიდევ გასულ წელს და წარდგენილ ვარიანტში, ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია თითქმის ყველა მიმართულებით. 10%-ის ოდენობით მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს… “, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ელის და ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე სამინისტროებთან ერთად ნოემბრის თვეშიც იმუშავებენ, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება.

“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 2017 წელს განისაზღვრა 1 000 ლარის ოდენობით და მას შემდეგ არ შეცვლილა. წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1 000 ლარის ნაცვლად განსაზღვრულია 1 100 ლარის ოდენობით,”
– ნათქვამია 2022 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
| Print |