ეკონომიკა
საქართველოში რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა, ხორცის გაიზარდა - საქსტატი
2021 წლის მე-3 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 441.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.2%-ით ნაკლებია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით შემცირდა და 764.6 ათასი სული შეადგინა.

ღორის რაოდენობა 232.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 8.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შეადგინა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მე-3 კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 16.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.9%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 149.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8%-ით ჩამორჩება.
| Print |