ეკონომიკა
ხორბალი რეკორდულად გაძვირდა
რუსული ხორბლის საექსპორტო ფასმა ტონაზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ერთი ტონა ხორბალი 340 დოლარი ღირს. აგრარული ბაზრის კვლევის ინსტიტუტის, IKAR-ის გენერალური დირექტორის, დიმიტრი რილკოს შეფასებით, ფასის ტრადიციული შემცირება, რაც ჩვეულებრივ, სასოფლო-სამეურნეო წლის (იანვარ-ივნისის პერიოდის) მეორე ნახევრის დასაწყისში ხდება, ამჯერად შესაძლოა, არ დაფიქსირდეს.

„ხორბლის FOB ფასი აბსოლუტურ რეკორდს მიუახლოვდა და შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულია,“ - აცხადებს რილკო. მისი თქმით, საინტერესო ის არის, რომ თუ ადრე ფასი ახალ წლამდე რეკორდულ ნიშნულამდე ადიოდა, შემდეგ ისევ იკლებდა, დღეს კი პირიქით არის და საექსპორტო ფასი ზრდას განაგრძობს.

„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ტენდენცია მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წელს, ანუ 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის ივნისამდე პერიოდშიც გამეორდება. COVID-19 ყველანაირ პროგნოზს არღვევს," - აცხადებს დიმიტრი რილკო.

მისი თქმით, გლობალური ფასების ასეთი ზრდა, სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომაც მოხდა, რომ მსოფლიო მარცვლეულის ერთ-ერთი ექსპორტიორი, ავსტრალია დაიტბორა. ამდენად, არის მოლოდინი, რომ ავსტრალიაში ხორბლის რაოდენობა და ხარისხიც არასათანადო იქნება, რამაც FOB ფასების ზრდა განაპირობა, მაღალი ფასები კი მცურავი ბაჟით დემპფერირებს - წერს ბიზნესპრესნიუსი.

IKAR-ის პროგნოზით, წელს რუსეთი „მარცვლეულის საშუალო მოსავალს" მიიღებს.

„თუმცა მოსავალი უკიდურესად არათანაბრად ნაწილდება ჩვენს ხუთ მეგა-რეგიონში, სადაც მარცვლეულის ფართომასშტაბიანი კომერციული წარმოება ხდება. სამხრეთში რეკორდული მოსავლიანობაა, რამაც მოლოდინი გაამართლა. ამას ვერ ვიტყვით ცენტრალურ რუსეთზე, სადაც სერიოზული გვალვები იყო. უარესი მდგომარეობაა ვოლგის რეგიონში, ურალში კი კატასტროფა გვაქვს, რომელმაც, ასევე, ძლიერი გვალვა განიცადა. არადა, ეს ის რეგიონია, რომელიც ექსპორტზე, მათ შორის ყაზახხეთში მარცვლეულის ყველაზე დიდი მოცულობას აგზავნის, დღეს კი თავად გადაიქცა რეგიონად, რომელსაც მარცვლეულის მარაგი იქით სჭირდება,” - აცხადებს დიმიტრი რილკო.

მისი შეფასებით, მართალია, დასავლეთ ციმბირში რეკორდული მოსავალია, მაგრამ ეს რუსული მარცვლეულის ბალანსზე ვერ იმოქმედებს, რადგან დასავლეთ ციმბირიდან ყაზახეთის მიმართულებით მარცვლეულის რეკორდული მიწოდება ხდება. დასავლეთ ციმბირული მარცვლეულის კოლოსალური მოცულობის ექსპორტის მიზეზი ყაზახეთში დამდგარი გვალვებია. ამასთან, მიწოდების რეკორდული მოცულობა ყირგიზეთის მიმართულებითაც ხდება.
| Print |