ეკონომიკა
ქართული ლოკოკინები საფრანგეთსა და ესპანეთში გავა
„წარმოება გავზარდეთ 9 ჰექტრამდე. მანამდე გვქონდა 6 ჰექტარი“,- ამის შესახებ შპს „ნადი გრუპის“, ლოკოკინების ფერმის ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანიის მთავარი საექსპორტო ქვეყანა იტალიაა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთთან და ესპანეთთან, სავარაუდოდ, შემოდგომაზე კი, ქართული პროდუქტი აღნიშნულ ქვეყნებშიც გავა.

ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა„ერთიანი აგრო პროექტის“ ფარგლებში აშენდა. ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება.

„წარმოება გავზარდეთ 9 ჰექტრამდე. მანამდე გვქონდა 6 ჰექტარი. ეს 9 ჰექტარი უკვე ამ გაზაფხულიდან შედის ბრუნვაში. რაც შეეხება 6 ჰექტარს, მოვიყვანთ 50 ტონა. საექსპორტო ქვეყანა ისევ იტალია იქნება.

როგორც იცით, ჩინეთთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, თუმცა გაყიდვები არ დაგვიწყია. კონტეინერების უკმარისობის გამო, საკმაოდ ძვირი ჯდება ტრანსპორტირება. ამიტომ, ველოდებით, სასიკეთო ცვლილებებს. აღებული მოსავლის ნაწილი ისევ იტალიაში გავა, ნაწილი რჩება საქართველოში“
, - ამბობს მერაბ ნადარაია.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე
ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად კარგია და ეს სხვა ფერმერებსაც დაეხმარება, რომ პროდუქტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაიტანონ.

„ამ საკითხზე ჩვენი კომპანია 2018 წლიდან მუშაობს. ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია ჩვენი დაწყებულია და სოფლის მეურნეობის სამინისტროც შევაწუხეთ. თუმცა, შემდეგ უკვე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი სამუშაო გასწიეს იმ მხრივ, რომ ევროკავშირთან ლოკოკინების ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულიყო. დღეს უკვე ეს დაშვებულია და ყველა ფერმერისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რათა მოყვანილი პროდუქტი დამოუკიდებლად გაიტანონ ევროზონაში. ყველა ფერმერი, რომელიც დააკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, ლოკოკინების ექსპორტი უპრობლემოდ შეუძლია.

რაც შეგვეხება ჩვენ, ვაპირებთ ახალი ქვეყნების ათვისებას. მოლაპარაკება გვაქვს საფრანგეთთან და ესპანეთთან. ჩვენი პარტნიორები არიან ამ ქვეყნებში და ალბათ, წელსვე, შემოდგომის სეზონზე ლოკოკინებს საფრანგეთსა და ესპანეთშიც გავიტანთ“
,- აცხადებს მერაბ ნადარაია.
| Print |