ეკონომიკა
რა გაძვირდა თებერვალში ყველაზე მეტად?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში ფასები ძირითადად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, მინერალურ და წყაროს წყლებზე, ნატურალურ წვენებზე, თევზეულზე, ზეთსა და ცხიმზე, პურსა და პურპროდუქტებზე და ტრანსპორტზე გაიზარდა.

ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.67 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.7 პროდუქტი); თევზეული (1.4 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (3.8 პროცენტი). რაც შეეხება ფასების შემცირებას, ფასები შემცირდა, რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ფასის შემცირება 2.7%-ით მოხდა. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.1 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-7.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-2.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება წლიურად ფასების ცვლილების მაჩვენებელს, „საქსტატის“ ინფორმაციით, ფასები ყველაზე მეტად ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე გაიზარდა.

„სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (34.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.8 პროცენტი), თევზეული (18.2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.4 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 45.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.4 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტობრივ გადასახადზე (-2.9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.5 პროცენტით, რაც 1.88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

| Print |