ეკონომიკა
ყაზახეთმა ხორბლის ექსპორტი შეზღუდა
ყაზახეთი, რომელიც ქართველი იმპორტიორებისთვის რუსეთის შემდეგ მეორე ბაზარია, მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვა 1 მლნ ტონა ხორბალზე და 300 000 ტონაზე მეტი ფქვილის ექსპორტს ეხება.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ კვოტები საქართველოს ბაზრისთვის საკმაოდ მაღალია და ეს, პრობლემური არ იქნება. განსხვავებით, ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში, საერთო საბაჟო გადასახადის დაწესებისგან.

„ყაზახეთმა დააწესა კვოტა, 1 მლნ ტონა ხორბლის გამოტანაზე და 300 000 ტონა ფქვილზე. ყაზახეთის წისქვილ-კომბინატების ასოციაციის მოთხოვნა იყო, რომ კვოტა ყოფილიყო 500 000 ტონა, ანუ ორჯერ ნაკლები და ორჯერ ნაკლები გასულიყო ყაზახეთიდან. ამას არ დაეთანხმა მთავრობა და მიჯნა აწია. შესაბამისად, ეს უფრო ლიბერალური რეჟიმია, ვიდრე ყაზახეთის მწარმოებლების მიერ იყო მოთხოვნილი. ეს არის 2-თვიანი აპრილის და მაისის რეჟიმი. ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ბაზარი, რომ ამ 1 მლნ-ში ვერ ჩავეტიოთ. შესაბამისად, ჩვენ ამ სიტუაციაში ვმუშაობთ. რაღაც გამოწვევა ნამდვილად არის, მაგრამ არა ისეთი, რომ ხორბალი ვერ წამოვიღოთ ყაზახეთიდან. ფქვილი ისედაც არ მოგვქონდა.

ველოდებით კიდევ ერთ გადაწყვეტილებას - ეს არის საბაჟო კავშირში ერთიანი საექსპორტო გადასახადის ამოქმედების შესახებ. გადაწყვეტილება 18 რიცხვამდე უნდა გამოცხადდეს. ესეც, გარკვეულად იმოქმედებს ბაზარზე. მაგრამ ახალი ფაქტორის, ინდოეთის გამოჩენამ, გარკვეულწილად დაარეგულირა სიტუაცია და წნეხი მოხსნა“
, - განაცხადა სილაგავამ.

მისივე თქმით, დღეს საქართველო ძირითადად რუსეთიდან შემოტანილ ფქვილს მოიხმარს. წისქვილების უმეტესობა კი, გაჩერებულია.

,,საქართველო ჯერ კიდევ მარაგდება რუსული ფქვილით. რადგან, აქ სანქციები არ მოქმედებს. რაც შეეხება ხორბალს, ისიც შემოდის ძველი კონტრაქტებით. ალბათ, კითხვებს აჩენს, ამდენი ხნის განმავლობაში როგორ შემოდის ძველი კონტრაქტით. მიზეზი მარტივია, სხვაობა ფქვილისა და ხორბლის საექსპორტო გადასახადს შორის იმდენად დიდია, რომ ხარჯვა წისქვილ-კომბინატებს ძალიან მცირე გვაქვს. კომბინატების უმეტესობა შეჩერებულია. ნაწილი მუშაობს, ისიც მცირე სიმძლავრეებზე. ანუ, ადრე შემოტანილი და მცირე შემოსვლები გვყოფნის“, - აღნიშნა სილაგავამ.

შეგახსენებთ იმასაც, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნები (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) მარცვლეულის, მზესუმზირას ზეთისა და შაქრის ექსპორტის ერთიანი კვოტის შემოღებას გეგმავენ, რისი მიზანიც სასურსათო უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა და საქონლის ფასების ნაწილობრივი სტაბილიზაციაა.
| Print |