ეკონომიკა
შესაძლოა მაისიდან პური 20 თეთრით გაძვირდეს
მაღაზიების ნაწილში ზოგიერთი პურის სახეობა 10 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, პური, რომელიც გუშინ 1.05 ლარი ღირდა, დღეს მომხმარებელს მისი შეძენა 1.15 ლარად მოუწია, 1.10-ლარიანი პური კი 1.20 ლარი გახდა. მასობრივი წარმოების პურზე ფასის ზრდას, პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გამონაკლის შემთხვევებს უწოდებს.

მალხაზ დოლიძე, აცხადებს, რომ თუ ფქვილისა და ხორბლის ფასის მატების ტენდენცია შენარჩუნდა, მაისის შემდეგ, პური სავარაუდოდ, 20 თეთრით გაძვირდება.

„პურის 10 თეთრით გაძვირების ფაქტს არ ვადასტურებ. ასეთი რამ ქარხნის პურთან დაკავშირებით მასიურად არ მომხდარა. არის რიგი შემთხვევები, როცა საცხობები, რომელთა პროდუქციაც ადრე შეუფუთავი იყო, ახლა შეფუთვით გამოდის და შესაბამისად, უფრო ძვირია.

თუმცა, ვადასტურებ, რომ ფასი გაზრდილია აბსოლუტურად ყველა კომპონენტზე. ფქვილიც, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა 64-დან 75-ლარამდე გაძვირდა მიმდინარე ომის ფონზე. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა 450 აშშ დოლარს მიაღწია. ახლა, ჯერი სახელმწიფოზეა, რას იზამს მაისიდან. მაისამდე ჩვენ პროდუქტს არ გავაძვირებთ. შემდეგ კი, თუ ტენდენცია კვლავ გაგრძელდა, მაისიდან პურის ფასი 20 თეთრით მოიმატებს. აქ უკვე ჯერი სახელმწიფოზეა, რა მექანიზმს ჩართავს“
- განაცხადა დოლიძემ.
| Print |