ეკონომიკა
3 მოთხოვნა კომპანია" ბორჯომის" ადმინისტრაციას

კომპანია" ბორჯომის" თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან ხელფასების 10%-ით გაზრდას, სამსახურიდან გათავასუფლებული ადამიანების აღდგენას და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ.

ეს მოთხოვნები კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებმა გაჩერებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გამართულ აქციაზე გააჟღერეს.

დღესვე, აქციის მონაწილეებს, ქარხნის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი ანა სამსონია შეხვდა.

პარალელურად სამსონია მოლაპარაკებებს კომპანიის ადმინისტრაციასთანაც აწარმოებს და ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებს მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად.

ქარხნის თანამშრომლები ჯერჯერობით ხელს არ აწერენ კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს, სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

დაწესებული სანქციების გამო, 29 აპრილს მინერალური წყლის - "ბორჯომის" ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. 1 000-ზე მეტი თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი სანქცირებული მფლობელი და დაბლოკილი ანგარიშებია.

| Print |