ეკონომიკა
ექსპერტები "IDS ბორჯომის" პრობლემის მოგვარების ორ გზას ასახელებენ

სახელმწიფო კარგავს შემოსავლებს, ადამიანები კარგავენ სამსახურს, მდგომარეობა რთულია და არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია მისი შეფასებით, "IDS ბორჯომი საქართველო"-ს გადარჩენის ორი გზა არსებობს - სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით თავად გამოისყიდოს კომპანია სანქცირებული მფლობელისგან, ან რომელიმე ქართულმა კომპანიამ შეიძინოს ქართული ბორჯომი რუსი მფლობელებისგან.

,,ძალადობა ნაკლებად მისაღებია ჩვენთვის, შეიძლება ჩამოართვა და ბიზნესის ნაციონალიზაცია მოახდინო. ყველაზე ოპტიმალური გზაა, იმ აქტივების გამოსყიდვა, რომელსაც ფლობს რუსი ბიზნესმენი და რომლის გამოსყიდვის შედეგად, შეიძლება კომპანიამ განაგრძოს ფუნქციონირება. ეს შეიძლება 60%-ით გამოსყიდვას და მთლიანი ბიზნესის გამოსყიდვას არ ნიშნავდეს, მაგრამ შეიძლება ეს იყოს საკონტროლო პაკეტის ქართველების ხელში გადასვლა, მაგრამ საქართველოსაც არ აქვს იმის გარანტია, რომ თუნდაც საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვის შემთხვევაში, ბორჯომი დაუბრუნდება საერთაშორისო ბაზარს“ - განმარტავს ვახტანგ ჭარაია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მინერალურ წყალ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოახდინოს. ის საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქართული წყალი გონივრულ ვადაში უნდა გამოისყიდოს. გარდა ამისა, ხუხაშვილი საწარმო პროცესის დაუყონებლივ აღდგენასაც ითხოვს, რათა საექსპორტო ბაზარზე პროდუქტის წყვეტა არ მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიქრობს, რომ ბორჯომის ადგილს სხვა მინერალური წყალი დაიკავებს.

,,ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბოიკოტირება დაიწყეს, ბორჯომის - როგორც რუსული ბრენდის, ეს საერთოდ კატასტროფა იყო. მაშინვე მოვუწოდე ხელისუფლებას, რომ მომხდარიყო ბორჯომის ბრენდის ნაციონალიზაცია. ნაციონალიზაცია არ ნიშნავს, მაინცდამაინც წართმევას უფასოდ. შეიძლება გამოსყიდვაც მოხდეს. სხვადასხვა ფორმებია"- განმარტავს გია ხუხაშვილი.
კომპანია ,,ბორჯომის" ფოტო

კომპანია" ბორჯომის" თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან ხელფასების 10%-ით გაზრდას, სამსახურიდან გათავასუფლებული ადამიანების აღდგენას და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს, ქარხნის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი ანა სამსონია შეხვდა.

ქარხნის თანამშრომლები ჯერჯერობით ხელს არ აწერენ კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს, სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

დაწესებული სანქციების გამო, 29 აპრილს მინერალური წყლის - "ბორჯომის" ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. 1 000-ზე მეტი თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი სანქცირებული მფლობელი და დაბლოკილი ანგარიშებია.

| Print |