ეკონომიკა
კარტოფილის ექსპორტი 177%-ით გაიზარდა, იმპორტი შემცირდა - სად ყიდის და ყიდულობს საქართველო პროდუქტს
მართალია, საქართველოსთან შედარებით მეზობელი ქვეყნები უფრო მეტ კარტოფილს აწარმოებენ, თუმცა ჩვენგან, აღნიშნულ ქვეყნებში ამ პროდუქტის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველომ 2022 წლის 4 თვეში 15 291 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წლის 4 თვის მაჩვენებელზე 177%-ით მეტია. კარტოფილის ექსპორტით წელს ქვეყანამ 2.9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.4 მილიონი.

ქვეყნის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი და რუსეთია. აზერბაიჯანში ქვეყანამ 1.3 მილიონ დოლარად 10 974 ტონა კარტოფილი გაიტანა, რაც მთლიანი ექსპორტის 72%-ია, რუსეთში კი 1.5 მილიონად 3 568 ტონა კარტოფილი გავიდა - მთლიანი მოცულობის 23%. დანარჩენი 5% საქართველომ უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და ესტონეთში გაყიდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის 4 თვეში საქართველომ 2 298 ტონა კარტოფილი შემოიტანა ქვეყნის გარედან, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 63.3%-ით ნაკლებია. წელს იმპორტირებულ პროდუქციაში ქვეყანამ 1.36 მილიონი დოლარი გადაიხადა, 2021 წლის 4 თვეში კი 1.3 მილიონი.

ქვეყნის მთავარი იმპორტიორები თურქეთი, გერმანია და ნიდერლანდები არიან. თურქეთიდან წელს 218 000 დოლარად 1,005 ტონა კარტოფილი შემოვიდა (მთლიანი იმპორტი 43.8%), გერმანიიდან 830 ათას დოლარად 879 ტონა (იმპორტის 38.2%), ნიდერლანდებიდან კი 256 ათას დოლარად 303 ტონა (იმპორტის 13.2%). დანარჩენი 4.8% ქვეყანამ ირანისგან, საფრანგეთისგან, აზერბაიჯანისგან და სომხეთისგან იყიდა.

ცნობისთვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ბოლო, 2020 სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო კარტოფილის მწარმოებელ 140 ქვეყანას შორის, 208 600 ტონით, 92-ე ადგილზეა. 

FAOSTAT-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა უსწრებს. სომხეთი 437 226 ტონა წარმოებით 71-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი კიდევ უფრო წინაა და 1 036 637 ტონით 45-ე ადგილს იკავებს. თურქეთი კარტოფილის წარმოებით პირველ 20-ეულში შედის და მე-16 ადგილზეა. 2020 წელს მან 5 200 000 ტონა კარტოფილი მოიყვანა. რაც შეეხება რუსეთს, ის ტრადიციულად კარტოფილის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის რჩება და 19 607 361 ტონა მოცულობით მე-4 ადგილზეა.
| Print |