ეკონომიკა
მომავალი კვირიდან ერთი ტომარა ფქვილი შესაძლოა, 82-83 ლარი გახდეს
„მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ფქვილზე ფასი 6 ლარით არის გაზრდილი“ - ამის შესახებ წისქვილკომბინატ ,,ბარაქას“ დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გაძვირების მიზეზი თვითღირებულების ზრდასთან ერთად, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ლოჯისტიკის გაძვირებაცაა.

„მსხვილი წისქვილკომბინატები გაჩერებულია თითქმის სამი თვეა. ბაზარზე დარჩენილმა ორმა წისქვილკომბინატმა, მათ შორის ჩვენც, მუშაობა 2 კვირაა შევაჩერეთ. გამომდინარე იქედან, რომ მუშაობას აზრი აღარ ჰქონდა.

რაც შეეხება იმპორტს, რუსეთიდან შემოდის ფქვილი. გასაგები მიზეზის გამო, ფქვილზე საექსპორტო გადასახადი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ბოლო 1 კვირაში ფქვილზე ფასი 6 ლარით არის გაზრდილი 50 კგ-იანი ტომრის შემთხვევაში. საპროგნოზო ფასი კი, კიდევ უფრო მაღალია, გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა იზრდება საქართველოდან და მწარმოებლები ფასს ხელოვნურადაც ზრდიან. მეორე მიმართულებაა ის, რომ ლოჯისტიკის ჯაჭვში პრობლემებია."
- აღნიშნავს ბარაქას დირექტორი.

მისივე თქმით, საქართველოში ხორბალი ორი სატრანსპორტო გზით შემოდის - რკინიგზით და საავტომობილო გადაზიდვებით. სარკინიგზო გადაზიდვის ფასი, ბოლო 2 კვირაში 6 დოლარით გაძვირდა. რაც შეეხება სამანქანო გზას, ლარსზე არსებული რიგები ლოჯისტიკის ხარჯს ზრდის. ორივე შემთხვევაში, პროცესი ფქვილის ფასზე აისახება.

"ასევე, რუსულ წისქვილებთან ანგარიშსწორება რუბლში ხდება, რუბლის გამყარებამ კი თვითღირებულების ზრდა გამოიწვია. დღეს, რუსული წარმოების ფქვილზე ფასი 78 ლარია. ესეც, ძველი დაკონტრაქტებით შემოსულ პროდუქციაზეა საუბარი. მე, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მომავალი კვირიდან ფასები 82-83 ლარის ფარგლებში იქნება. პურის მწარმოებლებმა უნდა თქვან ზუსტად, რა მოხდება, მაგრამ თუ 82 ლარამდე გაიზარდა ფასი, თვითღირებულებაში ვეღარ ჩაეტევიან“,
- განაცხადა ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის გამო, საქართველოში მისი იმპორტი შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რაზეც მთავარ იმპორტიორ ქვეყანას საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ აქვს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 8 181 ტონა ხორბალი და მესლინია იმპორტირებული. ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი რუსეთია - აპრილში ჩრდილოელი მეზობლისგან 8 117 ტონა ხორბალი ვიყიდეთ, რაც მთლიანი რაოდენობის 99%-ია. დანარჩენი 1% ყაზახეთსა და ავსტრიაზე მოდის.


www.bpn.ge
| Print |