ეკონომიკა
შემოდის თუ არა საქართველოში კარტოფილი, რომელშიც მავნებელი აღმოაჩინეს?
ეგვიპტიდან იმპორტირებული კარტოფილის ტვირთის შემოწმებისას უკრაინელმა სპეციალისტებმა საკარანტინო მავნებელი - კარტოფილის ჩრჩილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ AgroTimes უკრაინის სურსათისა და მომხმარებელთა სახელმწიფო სამსახურის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. საუბარია, 22 ათას ტონაზე პროდუქტზე. უწყების ინფორმაციით, ტვირთი დაკავებულია და მის მიმართ გატარდება შესაბამისი ფიტოსანიტარული ღონისძიებები.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ექსპორტიორ ქვეყანას - ეგვიპტეს გაეგზავნება შეტყობინება ტვირთის უკრაინის ფიტოსანიტარულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.

მართალია მცირე რაოდენობით, თუმცა ეგვიპტიდან კარტოფილს საქართველოც ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ეგვიპტიდან 94 ტონა კარტოფილი შემოვიდა, ჯამში 25,96 ათასი დოლარის ღირებულების.

მთლიანად კი წელს 6 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული იქნა 3 288 ტონა კარტოფილი, ჯამში 1, 970 მლნ დოლარის ღირებულების. საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი საქართველომ გერმანიაში იყიდა - 1 180 ტონა (1,063 მლნ დოლარის ღირებულების). მეორე ადგილზეა თურქეთი - 1 005 ტონა (217,5 ათასი დოლარი), სამეულში შედის აზერბაიჯანი - 527,6 ტონა (300 ათასი დოლარი).
| Print |