ეკონომიკა
საქართველო ხილ-ბოსტნეულზე ფასების ზრდით, 94 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა
საქართველოში ყველაზე პოპულარულ ხილსა და ბოსტნეულზე ფასები, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში, საშუალოდ, 18,6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ პოლონური პორტალის, Picodi.com-ის ანალიტიკოსების კვლევაში არის ნათქვამი.

მათ ხილს-ბოსტნეულზე ფასების ზრდა გააანალიზეს და მსოფლიოს 94 ქვეყნის რეიტინგი შეადგინეს. ბოსტნეულისა და ხილის ღირებულების შესადარებლად Picodi.com-ის ანალიტიკოსებმა კარტოფილი, პომიდორი, ხახვი, სალათის ფოთოლი, ფორთოხალი, ბანანი და ვაშლი შეარჩიეს.

ამ ხილ-ბოსტნეულზე ფასების 18,6%-იან ზრდით საქართველო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო აღნიშნულ პროდუქტებს შორის ქვეყანაში ყველაზე მეტად, 39,9%-ით პომიდორი გაძვირდა. პომიდვრის გაძვირებით, საქართველო 94 ქვეყნის რეიტინგში მე-9 ადგილზეა.

შერჩეულ ხილბოტანზე ფასების საშუალო ზრდის მიხედვით რეიტინგის 10-ლი ასეთია:

  • თურქეთი - 72,2% (პომიდორი 121,6%-ით)
  • ბელარუსი - 33,4% (პომიდორი 51,9%-ით)
  • რუსეთი - 27,3% (კარტოფილი 45,6%-ით)
  • ლიეტუვა - 24,1% (კარტოფილი 40,0%-ით)
  • ანდორა - 23,8% (ვაშლი 82,0%-ით)
  • უკრაინა - 19,9% (ხახვი 60,7%-ით)
  • საქართველო - 18,6% (პომიდორი 39,9%-ით)
  • ბულგარეთი - 18,3% (პომიდორი 43,1%-ით)
  • მონტენეგრო - 17,7% (პომიდორი 32,2%-ით)
  • პაკისტანი - 17% (პომიდორი 36,2%-ით)
ამ კვლევაში ნაჩვენები პროდუქციის ფასები numbeo.com-დან არის აღებული, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ასობით ათასი მომხმარებელი ჰყავს. პირობით კალათაში თითო-თითო კილოგრამი ფორთოხალი, ბანანი, კარტოფილი, ხახვი, პომიდორი და ვაშლი, ასევე, 1 ცალი სალათის ფოთოლი შედიოდა.

bpn.ge
| Print |