ეკონომიკა
სომხეთმა საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში გადაასწრო
კანადურმა კვლევითმა ორგანიზაციამ, ფრეიზერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიში, რომელშიც ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობითაა გაზომილი.

2020 წლის, კერძოდ კი პირველი და მეორე კვარტლების რეიტინგის თანახმად, საქართველო 7.78 ქულით მე-15 პოზიციაზეა 165 ქვეყანას შორის და წინა წლის რეიტინგთან შედარებით 4 საფეხურითაა დაქვეითებული.

ქვეყანა 74-ე ადგილზეა ვალუტის სტაბილურობით, 53-ე ადგილი უჭირავს რეგულაციების მხრივ, 46-ეა მთავრობის ზომის, 31-ე საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების, მე-12 კი საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლების მხრივ.

ახალი რეიტინგით გაუმჯობესდა ჩვენი მეზობელი სომხეთის პოზიცია და მე-17 ადგილიდან მე-11 ადგილზე გადაინაცვლა 7.84 ქულით. სომხეთი საქართველოს ვალუტის სტაბილურობით, რეგულაციებითა და მთავრობის ზომით უსწრებს.

ფრეიზერის ინსტიტუტის განმარტებით, მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ზომავს ქვეყნების ინსიტიტუციებისა და პოლიტიკის ეკონომიკური თავისუფლებისადმი მხარდაჭერის ხარისხს. ეკონომიკური თავისუფლების მთავარი მდგენელები არჩევანის თავისუფლება, ნებაყოფლობითი გაცვლა, ბაზარზე შესვლის თავისუფლება და კონკურენცია, ადამიანისა და კერძო საკუთრების დაცულობაა.

bnp.ge
| Print |