ეკონომიკა
„ბორჯომის“ ოპერატიულ მართვაში ჩართული არ ვართ - ვიცეპრემიერი
“ბორჯომის” ოპერატიულ მართვაში ჩართული არ ვართ, ამას ახორციელებს კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობა, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სხვა აქციონერებთან ერთად, თანხმდება სახელმწიფოსთანაც - გრძელვადიანი რესტრუქტურიზაციაა დღის წესრიგში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ კომპანია “ბორჯომის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დანიშნა. მინისტრის განმარტებით, სამინისტროს დირექტორთა საბჭოში ასევე ჰყავს საკუთარი თანამშრომელი, დამკვირვებელი წევრი.

“ჩვენი მხრიდან დანიშნულია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მაისურაძე. ამ ადამიანს კერძო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასევე დირექტორთა საბჭოში გვყავს დამკვირვებელი წევრი, ჩვენი სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. შესაბამისად, სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული “ბორჯომის” პრობლემების მოგვარებაში და ასევე “ბორჯობის” გრძელვადიანი განვითარების კუთხით.

“ბორჯომს” ჰქონდა კონკრეტული გამოწვევები, რაც სანქცირებასთან იყო დაკავშირებული. გახორციელებული ცვლილებებით, რომელიც შეთანხმებული იყო ძირითად მარეგულირებელთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, “ბორჯომმა” მოახდინა ოპერირების აღდგენა ძირითად ბაზრებზე. სრულად ფუნქციონირებს საქართველოში და იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც პრობლემები ჰქონდა.

თუმცა გრძელვადიანი რესტრუქტურიზაციაა დღის წესრიგში. ეს საჭიროა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის სტრუქტურა იყოს უფრო მოქნილი, ადეკვატური და მეტად პასუხობდეს გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნა. მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.

ოპერატიულ მართვაში ჩვენ არ ვართ ჩართული, ამას ახორციელებს კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობა, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სხვა აქციონერებთან ერთად, თანხმდება სახელმწიფოსთან, ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ “ბორჯომის”, სტრატეგიული ბრენდის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. კიდევ უფრო ძლიერად იყოს „ბორჯომი“, როგორც ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილი და ბორჯომში დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული”
,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
| Print |