ეკონომიკა
არჩევანის შემდეგ არის 12-თვიანი დაკეტვის პერიოდი - საპენსიო სააგენტო
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განცხადებით, დასაქმებულებს საპენსიო აქტივების ინვესტირებისას საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა, კანონის ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ დროს, 7 სექტემბრის შემდეგაც შეეძლებათ, თუმცა „არჩევანის შემდეგ არის 12-თვიანი დაკეტვის პერიოდი“.

როგორც ის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ შეეძლებათ პორტფელი შეცვალონ.

„[დასაქმებულებს] 7 სექტემბრამდე შეუძლიათ შეცვალონ პორტფელი, მერე ფანჯარა დაიკეტება. თუმცა ახლა კანონი იცვლება და მონაწილესაც უკვე ექნება შესაძლებლობა, პორტფელი ნებისმიერ დროს გამოცვალოს და სხვა პორტფელში გადავიდეს. არჩევანის შემდეგ არის 12-თვიანი დაკეტვის პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია არჩევანი შეცვალოს. თუ სურვილი ექნება, წელიწადში ერთხელ შეცვლის პორტფელს. არც ვადა იქნება დაწესებული, რომ კონკრეტულად აგვისტოში უნდა შეცვალოს, როგორც დღეს არის. 12-თვიანი ჩაკეტილი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ, აქეთა მხარემ, მონაწილეები გადავიყვანოთ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში და მათ სახელზე არსებული დანაზოგი შესაბამის პორტფელებში გადავანაწილოთ. მაღალრისკიან პორტფელს გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მეტი ზრდა ექნება, ეს ყველაზე კარგი საინვესტიციო პორტფელია, რომელიც ყველაზე მეტად გაამართლებს და ყველაზე მაღალი მაჩვენებლით დაამარცხებს ინფლაციას“, - აცხადებს მელიქიძე.

მისივე განმარტებით, საპენსიო სისტემაში აკუმულირებულ ფულს მართავს საინვესტიციო სამსახური და აკონტროლებს ეროვნული ბანკი, მოქალაქეების საპენსიო დანაზოგს კი საფრთხე არ ემუქრება, რადგან აღნიშნულ თანხაზე არ ვრცელდება ყადაღა და ინკასო.

საპენსიო სააგენტოში მოსალოდნელ ცვლილებას ეხმაურება იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. მისი თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა და მისი მოდელის ცვლილება საქართველოს 1.5 მილიონამდე მოქალაქეს და მათგან ამოღებულ 3.5 მილიარდამდე ლარს ეხება. ამ თანხის სამართავად საპენსიო სააგენტო შეიქმნა. 

,,ტიპები უცებ 3.5 მილიარდამდე აქტივის მმართველებად გაიჩითნენ. კი, “ტიპები გაიჩითნენ” - აკადემიურად რთულია ეს მოვლენა აღწერო. ანუ, უცებ, შარვალ-კოსტუმი, ოფისები, მანქანები, წარმოუდგენელად მაღალი ხელფასები და ტიპები 3.5 მილიარდს მართავენ.

დასაწყისს, სანამ აზრზე მოვიდოდნენ და შოკიდან გამოვიდოდნენ, აიღეს და თანხა ბანკებში განათავსეს. თითქოს ჩვენი თანხის ბანკში დადება რომ გვდომოდა ხალხს, ვერ დავდებდით. შემდეგ შეამჩნიეს, რომ სხვადასხვა ფაქტორის გამო ბანკში განთავსებული თანხა მინიმალურად იზრდებოდა. უფრო მეტიც, რაღაც მომენტში იკლებდა კიდეც, ინფლაციის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

შემდეგ ეს ჰალსტუხიანი “მაგარი ტიპები”, ჩვენი ფულის, ჩვენზე უკეთ განკარგვა რომ შეუძლიათ, ადგნენ და მეტი მოგების სანახავად, ამ ფულის “გამაზვა” გადაწყვიტეს. სადღაც მაღალი მოგების იმედად, მაღალ რისკიან ფსონს აკეთებენ, სადღაც ისე რა რისკია და მოგებაც ნელთბილი იქნება, ზოგან მოგება მცირე და რისკიც ნაკლები.
სრული სიგიჟე რა არის, რომ სად რა “გამაზონ” თვითონ გადაწყვიტეს. უდიდესი ნაწილი მაღალ რისკზე მაღალი მოგების იმედად გაუშვეს. და როგორ დაასაბუთეს?! ეს თანხა ახალგაზრდებიდან ამოვიღეთ და მათ ხომ ისეც უყვართ რისკიო"
- წერს ედუარდ მარიკაშვილი.
| Print |