ეკონომიკა
მსოფლიოში ოქრო ძვირდება - რა ღირს ძვირფასი ლითონი საქართველოში?
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასმა ერთ უნციაზე 1 885 დოლარიდან 1 927 დოლარამდე მოიმატა. მცირედი ცვლილება განიცადა ვერცხლმაც, რომელზეც ფასი 23,5 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაძვირდა ოქროს ნაკეთობებიც.

ოქროს ნაკეთობებზე ფასების ზრდას ადასტურებენ თბილისში ოქროს ბირჟაზე მოვაჭრეებიც.

„ოქრო გაძვირდა, მაგრამ ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. თუმცა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ვგულისხმობ ფასების ცვლილებას, თვალს ჩვენც ვადევნებთ და აქაც გაძვირება/გაიაფება იმის მიხედვით ხდება. მაგრამ აგრეთვე შეიძლება მსოფლიოში ოქროს ფასმა აიწიოს, მაგრამ დოლარი-ლარის კურსმა დააბალანსოს და ფასმა დიდად ცვლილება არ განიცადოს.

რაც შეეხება მყიდველებს, ისინი ძირითადად ივლისსა და აგვისტოში იყვნენ, ისიც 100-დან 40 ადამიანი თუ იყიდდა რამეს“,
- განაცხადა ოქროს ბირჟის ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ოქროს ბირჟაზე მომუშავეთა თქმით, ოქროს მყიდველი უფრო მეტია, ვიდრე ჩამბარებელი, მაგრამ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადამიანები მათი ბებიების ძველ ვერცხლის კოვზებს, თასებსა და სხვადასხვა დანატოვარს აბარებენ. ამის მიზეზი კი ძირითადად მათი ფინანსური სიდუხჭირე გახლავთ.

ოქროს ბირჟაზე მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ მათ მხოლოდ ქართველები არ სტუმრობენ, ასევე ჭარბობენ ყაზახები, აზიელები და ფერადკანიანები.

ამასთან, მოვაჭრეების თქმით, ოქროს ბირჟას ხშირად სტუმრობენ რუსები, მაგრამ მათი ინტერესი ოქროს ყიდვა კი არა, არამედ მათი ფასის გაგებაა, რათა როდესაც დოლარის კურსი აიწევს რუსეთიდან ჩამოტანილი ოქრო ძვირად ჩააბარონ.

„რუსები ზამთარში გასათბობად, ზაფხულში გასაგრილებლად შემოდიან. რუსებმა იმდენი ოქრო ჩამოიტანეს, ყიდვა უკვე აღარ უნდათ. ისედაც, ოქრო არ უყვართ, უფრო მინიმალისტური ნაკეთობებით კმაყოფილდებიან“, - საუბრისას აღნიშნა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

დღევანდელი სტატისტიკით ჩვენს ბაზარზე ოქროს ფასი პანდემიისა და უკრაინის ომის შემდეგ რეგულირდება, მაგრამ ფასის ზრდის დინამიკა კვლავ შეიმჩნევა.

ბაზარზე თუ აქამდე 1 გრამი ვერცხლის ჯართის ფასი 1.70 შეადგენდა, ახლა მისი ფასი 2.00 ლარს ასცდა, ხოლო ნაკეთობის შემთხვევაში 1 გრამის ფასი 5.00 ლარს შეადგენს.

ერთი თვის წინ 585 სინჯიანი 1 გრამი ოქროს ჯართის ფასი 92.00 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ფასი 95-97 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 1 გრამი ოქროს ნაკეთობის ფასი 110 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, 999 სინჯის (ე.წ. ბაჯაღლო) 1 გრამი ოქროს ფასი 160- 180 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ, მოვაჭრეთა თქმით, ამ ხარისხის ოქროზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.

წყარო:bpn.ge
| Print |