ეკონომიკა
ვინ დაიბეგრება ახალი ცვლილების შემდეგ?
ქონების გადასახადთან დაკავშირებით მიდგომა იცვლება. არსებული წლიური შემოსავლის 40 000-ლარიანი ზღვარი, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის გადახდა უწევთ, გადაიხედება და შეიცვლება, თუმცა რა კრიტერიუმებს დაექვემდებარება იგი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც სპეციალისტების ერთი ნაწილი ამბობს, შესაძლოა, გადასახადი უძრავი ქონების ფართზე იყოს მიბმული. ამ შემთხვევაში გადამხდელი ავტომატურად შეიძლება გახდეს ისეთ პირი, რომელსაც შემოსავალი არ აქვს. მთლიანობაში რამდენიმე ისეთი ნიუანსია, რაც გადასახადის გადამხდელების მხრიდან შეიძლება სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადი ფიზიკური პირების ყოველწლიურ შემოსავალზე აღარ იქნება დამოკიდებული. აუდიტორი აკაკი ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ ცვლილებით მოსალოდნელია პრობლემის გაღრმავება, ვინაიდან იგი კონსტიტუციასთან არ არის შესაბამისობაში და გარკვეულ პრობლემას გამოიწვევს.

,,რამდენადაც ვიცით, რეფორმა გატარდება იმ ადამიანებისთვის, ვინც ქონებას ფლობს. დღევანდელი მოცემულობა რაც არის კანონში, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის დაბეგვრა იწყება 40 000 ლარს ზევით მქონე შემოსავალზე. განაკვეთები დადგენილია, რაც ნიშნავს, რომ პირობითად, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს 45 000 ლარის წლიური შემოსავალი, მაგრამ ქონება ჰქონდეს მიღებული მემკვიდრეობით და ის იყოს 10 მილიონის. თუნდაც 1%-იანი განაკვეთის შემთხვევაშიც კი, უკვე იმაზე მეტი გამოვა გადასახადი, ვიდრე შემოსავალი აქვს. ამიტომ ეს ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას. ჩვენ საშემოსავლო გადასახადს ისედაც ვიხდით და თუ ახდევინებენ, რომ შემოსავალი აქვს, მიდგომა უკვე არასწორია. საშემოსავლოს მოქალაქეები ისედაც იხდიან. ამიტომ მისი ქონებაზე მიბმა არ შეიძლება.

ამ დროს საქართველოში არის უამრავი უცხოელი რეზიდენტი და ისინი არ იხდიან ქონების გადასახადს. მხედველობაში მაქვს მენეჯერები და მაღალი რანგის თანამშრომლები, რომელთა შემოსავლები 2-3 მილიონს აღწევს და საქართველოში შეძენილი ქონება არ აქვთ - ჩამოვიდნენ, მუშაობენ და მიდიან. გამოდის, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ქონება არ აქვთ, მაგრამ დიდი შემოსავალი უფიქსირდებათ, ქონების გადასახადს არ გადაიხდიან.

ამდენად, ქონების გადასახადი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია, გამოდის, რომ მთავრობა თანხას ქონების გადასახადის გამო ახდევინებს ბიუჯეტში, როცა ის საშემოსავლოს ისედაც იხდის. გასააზრებელია შინაარსი, ქონების ფართისა და მოცულობის მიხედვით შედის ცვლილება. საბოლოოდ სახე როგორი იქნება, ვნახავთ და იმის მიხედვით ვიმსჯელებთ. რაც დღეს მოქმედებს, ასე არ უნდა იყოს“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აკაკი ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ რეფორმა გადასახადების გადამხდელთა მხრიდან სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

,,ქონების გადასახადთან მიმართებით უკმაყოფილება არის, რადგან ვერავინ გაიგო, რატომ იხდის გადასახადს. როდესაც ქონების გადასახადზეა საუბარი, მოიცავს მიწასაც - როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეოს და იმ უძრავ ქონებასაც - ბინას, სახლს და ა.შ. არიან ადამიანები, რომლებიც ამ გადასახადს იხდიან და ისინიც, ვინც არ იხდიან. არეული სისტემაა, თანაც საუბარი არ არის, ერთ ადამიანს აქვს თუ არა შემოსავალი, აქ საუბარია ერთად მცხოვრები ადამიანების, ანუ ოჯახის საერთო შემოსავალზე, რომელიც ბევრს დეკლარირებული არც აქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ სამართლიანობის ზღვარი მორღვეულია, რის გამოც არის სამართლიანი უკმაყოფილება“
, - დასძინა ჩარგეიშვილმა.

გადასახადის დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს უძრავი ქონების სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით ხისტი მიდგომაა და უნდა შემსუბუქდეს და არა პირიქით. ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებს კანონმდებლებს, რომ რეფორმამ დიდი უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.

,,ქონების გადასახადთან დაკავშირებით ადრეც აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი. რამდენადაც ვიცი, ცდილობდნენ, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი 60 000-მდე გადაეწიათ, ანუ შეემცირებინათ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა. მოსალოდნელი ცვლილების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ფართზე იქნება მიბმული. ლოგიკაა, რომ ნაკლები ქონება თუ გაქვს, ნაკლები გადასახადი გადაიხადო.

ნებისმიერ ვარიანტში პირობების გამკაცრება უკმაყოფილებას გამოიწვევს. გავიგეთ, რომ გარკვეული ფენის მიმართ, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს, გადასახადის შემცირება კარგია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სხვა გადასახადის გადამხდელების ხარჯზე. კრიტერიუმები, რომელსაც შემოიტანენ, უნდა იყოს მკაფიო და ფენებს თავიანთი შემოსავლების მიხედვით განესაზღვროს“,
- აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ზაქაშვილმა.

სპეციალისტების შეფასებით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კარგად უნდა გაკონტროლდეს, თუ რა ფინანსური რესურსის მქონე ადამიანებს დაუწესდებათ გადასახადი, რათა ეს მათ მძიმე ტვირთად არ დააწვეთ. როგორც იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა განაცხადა, ქონების გადასახადის რეფორმა, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო მუშაობს, მოიცავს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების ქონების გადასახადს.

„ეს კანონი ბევრს შეეხება და თუ ადრე, 100 კაციდან ქონების გადასახადს 10-15 ადამიანი იხდიდა, ახლა ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. დღეს არსებული წლიური შემოსავლის 40 000-ლარიანი ზღვარი, რომლის მიხედვითაც პირებს ქონების გადასახადის გადახდა უწევთ, მოძველებული მეთოდია და აქტუალური აღარ არის, რადგან, შესაძლოა ადამიანს საქართველოში საერთოდ არ ჰქონდეს შემოსავალი და სხვა ქვეყანაში ჰქონდეს, ანდა შეიძლება, შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდებოდეს, მაგრამ მილიონობით ქონების პატრონი იყოს“, - აღნიშნა კაჭკაჭაშვილმა.

როგორც ცნობილია, რეფორმის მიხედვით, ქონების გადასახადი ოჯახების შემოსავალზე არ იქნება დამოკიდებული და ის, იმ ფართით განისაზღვრება, რომელსაც ფიზიკური პირები, თუ კომპანიები ფლობენ. შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია და მისი წარდგენა პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. მთავრობაში გეგმავენ, რომ კონკრეტული ზონების მიხედვით, კონკრეტული ფართის ღირებულება დადგინდეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციებია გასავლელი.

წყარო: resonancedaily.com
| Print |