ეკონომიკა
ხვალიდან მოქალაქეები სამომხმარებლო სესხის აღებას 4 წლით შეძლებენ
ხვალიდან მოქალაქეები სამომხმარებლო სესხის 4 წლით აღებას შეძლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა 18 ოქტომბერს მიიღო.

„საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 4 წლამდე ზრდის. იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება,"- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის აგვისტოში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც 4 წლით იყო განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა ერთი წლის განმავლობაში იქნებოდა ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით მიიღო.
| Print |