ეკონომიკა
„პური -10 ლარი, პიცა - 43 ლარი, წყალი - 5 ლარი“ - რა ფასები დაგხვდებათ ბაკურიანისა და გუდაურის კვების ობიექტებში?
ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. ბაკურიანში დამსვენებლების სიმრავლეა, რაც ადგილობრივი ფასებითაც გამოიხატება: დამსვენებლები აღნიშნავენ, რომ რაც წელს იქ ხდება, ყველა ზღვარს სცდება.

„მაგალითად, ერთ-ერთ ჩაიხანაში 4 ჭიქა ჩაიში გადავიხადე 25 ლარი, ოღონდ ეს იყო 4 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 ცალი ერთჯერადი ჩაი და 4 ერთჯერადი შაქარი.

სარესტორნე ფასებს რაც შეეხება, სტანდარტული ხინკალი 2,50 ლარიდან იწყება, ნახევარლიტრიანი კოკა-კოლა 5 ლარი, ხოლო ნახევარლიტრიანი წყალიც დაახლოებით, 5 ლარამდე ღირს“,
- ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.

მისივე თქმით, საკმაოდ ძვირი ღირს ტაქსის მომსახურებაც. „სულ რომ 200 მეტრის გავლა მოგიწიოთ, მინიმუმ 10 ლარს იხდით“, - აღნიშნავს იგი.

მაღალი ფასებით გამოირჩევა გუდაურიც. ერთ-ერთი დამსვენებელი ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს:

"გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:

კვების ობიექტები:

- 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური
- ხაჭაპური - 40-45 ლარი
- ცეზარის სალათა - 40-47 ლარი
- მწვადი - 4 ნაჭერი - 18-30 ლარი
- 30 ხინკალი - 84 ლარი (ყველაზე იაფი ვერსია)
- ბურგერები - 35-60 ლარი
- Dunkins ყავა კარამელ მაკიატო - 18 ლარი
- დესერტი - 2 ცერა თითისოდენა სუფლე - 22 ლარი
- ვაშლის შტრუდელი - 29 ლარი
- პიცა პეპერონი - 43 ლარი
- ნაყინი - 18 ლარი
+18% მომსახურების…
და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს… „
- წერს დამსვენებელი.
| Print |