ეკონომიკა
რატომ უფასურდება ლარი?
ბოლო პერიოდში ლარის კურსი თანდათან უფასურდება როგორც აშშ დოლარის, ასევე ევროს მიმართ. რატომ გაუფასურდა ლარი და რა გავლენა ექნება ამას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ეკონომიკის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ჭარაია საუბრობს.

- მცურავი კურსი ნიშნავს, რომ ლარი ხან გამყარდება და ხან გაუფასურდება, მთავარია, ეს ცვლილებები ნახტომისებური არ იყოს. დოლარის მიმართ ლარის კურსი 2,65-დან, რაც საკმაო პერიოდის განმავლობაში იყო, 2,70-მდე სხვაობა, რაც ახლა გახდა, 2%-ზე ნაკლებია. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს ნახტომია და მით უმეტეს, დიდი.

შესაძლოა რაღაც პერიოდში ისევ გამყარდეს, მაგრამ ზოგადად გაცვლითი კურსისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა. განსაკუთრებულად არც გამყარება უნდა გაგვიხარდეს და არც გაუფასურება, მთავარია სტაბილურობა. ლარის გაუფასურება ჩვენი საექსპორტო პროდუქციისთვის არის კარგი, რადგან საზღვარგარეთის ბაზრებზე ჩვენი პროდუქცია იაფდება;

ლარის გამყარებისას კი პროდუქცია რთულად გასატანი ხდება საექსპორტოდ, რადგან ძვირდება. შესაბამისად, ექსპორტის კუთხით თუ შევხედავთ, ლარის გაუფასურება გვაწყობს, იმპორტის კუთხით კი ლარის გამყარებაა ხელსაყრელი


ეკონომიკის პროფესორი სოსო არჩვაძე კი აღნიშნავს, რომ ,,წმინდა ადგილი ცარიელი დიდხანს არ რჩება". მისი თქმით, ტურიზმის გავლენა ორმაგია.

- ერთი, რომ ტურისტებს შეიძლება მივაწოდოთ საკმარისი რაოდენობით სურსათი, მაგრამ ის იყოს იმპორტირებული. შარშან 14 მილიონ დოლარამდე ღირებულების ხახვი შემოვიტანეთ იმპორტით. ასეა სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზეც. ეს ნიშნავს, რომ ტურისტების მიერ აქ გადახდილი თანხა კვლავ უცხოეთში გაედინება - ანუ საქართველო რჩება სხვაგან შექმნილი დოვლათის უტილიზაციის ადგილად.

როცა სამამულო პროდუქციას ვიყენებთ, ქვეყანაში რჩება რეალიზებული პროდუქციის, სულ ცოტა, 70%, მაგრამ თუ ვყიდულობთ იმპორტირებულ პროდუქციას, მაშინ ქვეყნის გარეთ, სულ ცოტა, 80% გაედინება. ვთქვათ, 1 მილიონი დოლარის სამამულო პროდუქციის შეძენისას ქვეყანაში დარჩებოდა, სულ ცოტა, 700 ათასი დოლარი.

ეს ნიშნავს, რომ საშუალება გვექნებოდა, შეგვექმნა რამდენიმე ასეული მაღალკვალიფიციური ადგილი და გვეზრუნა ისეთი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელიც დიდ სიმაღლეებს შეეჭიდებოდა. ეს არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. გვაქვს უზარმაზარი აუთვისებელი რესურსები, სოფლის მეურნეობაში მთის ჩართვის თვალსაზრისით, და ამ მიმართულებით მეტი უნდა ვიმუშაოთ.

თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ მართლა მძლავრი პოტენციალი გვექნება, მით უმეტეს, ტურიზმის დიდი ნაწილი სწორედ მთის მარშრუტებზე მოდის და მთა არ უნდა იყოს მხოლოდ ტურიზმზე დამოკიდებული, უნდა ჰქონდეს მძლავრი აგრარული ბაზა და სოფლად ცხოვრებაც არა მარტო ეგზოტიკური დატვირთვისთვის, არამედ ეკონომიკურად უფრო მომგებიანი უნდა იყოს თითოეული შინამეურნეობისთვის.
| Print |