ორჯერ მივმართეთ განცხადებით, არ გასხვისებულიყო სასამართლო დავის დროს, სასწრაფოდ გაყიდეს - ტარიელ მსხვილიძე
12:49 / 07.06.2024
ვარხანში მცხოვრები მზია კბილაშვილი მესამე წელია დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვს. ამბობს, რომ ოჯახის საკუთრება - 1200 კვადრატული მიწის ნაკვეთი, რომელიც აბასთუმანში, რუსთაველის ქ.#8-ში მდებარეობს სახელმწიფომ სასამართლო დავის დროს გაყიდა. მიწის ნაკვეთს შენობა-ნეგებობით, მზია კბილაშვილის მამა გივი კბილაშვილი 1993 წლიდან ფლობს. მამის გარდაცვალების შემდეგ მზია კბილაშვილმა ქონების გადაფორმება მოინდომა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 90-იან წლებში აბასთუმანში დამწვარი არქივის გამო, დოკუმენტაცია აღარ არსებობდა.
დაზარალებულმა მზია კბილაშვილმა ქონების აღიარება და ხელახალი რეგისტრაცია გადაწყვიტა. მიმართვიდან მესამე დღეს ქონების რეგისტრაციას იუსტიციის სახლში ადიგენის მერიაც ითხოვდა. კბილაშვილების ოჯახში ეჭვობენ, რომ სახელმწიფო მათთვის ქონების წართმევას ცდილობს. მზია კბილაშვილის დისშვილი ტარიელ მსხვილიძე აცხადებს, რომ ქონებას ,,ვერ დათმობს, რადგან დიდი ოჯახის საკუთრება და ბაბუის დანატოვარია და რუსთაველის #8-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ობლების საკუთრებაა".
იუსტიციის სახლს მზია კბილაშვილის შემდეგ ადიგენის მერიამ მიმართა. მერიაში განმარტეს, რომ მიწა სახელმწიფო საკუთრება იყო და ამიტომ გასხვისდა. დაზარალებული ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლო დავაში მყოფი ქონების გასხვისება არის როგორც მოდავე მხარის, ასევე სასამართლო ხელისუფლების შეურაცხყოფა. უძრავის ქონების გასხვისების გამო, ოჯახის ადვოკატმა ვლადიმერ მიქაშვილმა პროკურატურას მიმართა, თუმცა უწყებამ წარმოებული გამოძიების მიუხედავად დანაშაულის ფაქტები ვერ დაინახა. მიქაშვილის მტკიცებით, გამოძიება ქონების მართვის სააგენტოში უნდა წარმოებულიყო. მიუხედავად ამისა, სააგენტომ სასამართლო დავაში მყოფი ქონება გაასხვისა. კბილაშვილების საკუთრება შპს ,,ვილა აბასთუმანმა" შეისყიდა. დაწყებული სასამართლო დავა კი მესამე წელია ,,უსასრულოდ" გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადვოკატმა მიმართა პრემიერის აპარატს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ასევე საპატიო თავმჯდომარეს და ამერიკის საელჩოს.
აბასთუმანში მიწების პრივატიზების საკითხი "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ" 2022 წელს შეისწავლა. TI მომხდარში კორუფციის რისკებს ხედავს. გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ ,,ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფომ აბასთუმანში 20-ჯერ მეტი მიწა გაყიდა, ვიდრე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში. პრივატიზებული ფართობის 91,7% "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულმა სუბიექტებმა იყიდეს, 81.1% კი - პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა.