ეკონომიკა
27.9 მილიონი ევრო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 27,9 მილიონ ევროს მიიღებს.

პროგრამა მიკრო და მცირე საწარმოების, ასევე დაბალი შემოსავლების მქონე საოჯახო მეურნეობების ფინანსებზე წვდომას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ გამოყოფილი თანხა 6 ქვეყანაზე პროპორციულად გადანაწილდება. თუმცა, როდის მიიღებენ ბენეფიციარები დახმარებას და რა კრიტერიუმები დაუწესდებათ, ეს დეტალები რამდენიმე კვირაში გაირკვევა.

პროგრამას გერმანიის პირველი სოციალური და ეკოლოგიური ბანკი (GLS) და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) ერთობლივად ახორციელებს. ამისთვის GLS ბანკმა EFSE –ში 27,9 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა ვექსელების შეძენით. მხარდაჭერას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონები მიიღებენ, სადაც ბანკი EU4Business ინიციატივის ფარგლებში საქმიანობას ეწევა.

მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა, GLS –ის და EFSE-ის მეორე ერთობლივი პროექტია. ახალი კაპიტალდაბანდება ისევ განაწილდება ბანკის კვალიფიციურ ინვესტორ კლიენტებს შორის, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეფექტური მონაწილეობა მიიღონ ფონდის მისიაში სამიზნე რეგიონებში ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) KfW განვითარების ბანკის (KfW) ინიციატივით შეიქმნა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. ფონდი ეწევა საქმიანობას აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში EU4Business ინიციატივის ფარგლებში და მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას.
| Print |