ეკონომიკა
ახალი საგადასახადო ინიციატივა მეწარმეებისთვის
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას, 16 მარტს,

15:00 საათზე, ახალციხეში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს. შეხვედრა სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში. მინისტრის მოადგილე უკვე იმყოფებოდა იმერეთში. ქუთაისში ლაშა ხუციშვილმა მცირე მეწარმეებს განუცხადა, რომ:

"გრძელდება ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში. როგორც ცნობილია მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის 5-ჯერ შემცირებას, 5%-დან 1%-მდე და ზღვარის გაზრდას 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე. დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით ისარგებლებს 120 ათასი მცირე მეწარმე. აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში".

შეხვედრაზე საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.



| Print |