განათლება
რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს პროექტს „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“. პროექტი საშუალებას აძლევს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები. ტური ხორციელდება 2016 წლიდან და მნიშვნელოვნად ეხმარება მონაწილეებს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში.

2019 წლის 3-დან 9 ნოემბრის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან. სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 8 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ 9 სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3-4 სპეციალურ მასწავლებელთან.

თუ ხართ დასაქმებული რეგიონის სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ პროექტში „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

CV (გთხოვთ მიუთითოთ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი ჩამონათვალი (მხოლოდ ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით) (შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება ტრენინგის სერტიფიკატს)
სამოტივაციო წერილი;
აუცილებელი პირობაა რომ გქონდეთ მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ უნდა იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.

უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019-10-13
| Print |